მზიურის პარკის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. აღდგენილია ძველი მოზაიკები, ხიდები, კიბეები; პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ველო -ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები, ხელოვნური ტბა, სკეიტბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები; გარდა ამისა, დადგმულია ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, გამოიცვალა კომუნიკაციები: კანალიზაცია, სასმელი წყლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა. მისი ღირებულება, დაახლოებით, 7.8 მილიონი ლარია.
„პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც დამატებით ხიბლს შესძენს და „მზიურს“ ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე მთელი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილებენ ბავშვებს“, — აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სამუშაოები ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას.