განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა გრიფირების საქმის შესწავლა დაასრულა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე მაჩიტიძემ განაცხადა.
განცხადების თანახმად, საქმის შესწავლის პროცესში არაერთი დარღვევა და ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორის ცალკეული პირების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებაც აღმოჩნდა. ამ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის გამო, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურმა მასალები შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გადაუგზავნა.
მაჩიტიძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან ის სუბიექტები, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა.
განათლების მინისტრმა ოთხი მაღალჩინოსანი - თემურ მურღულია, ლია გიგაური, მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე 10 სექტემბერს გაათავისუფლა. 12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მიერ დაშვებულ დარღვევებს პროკურატურა შეისწავლიდა.