ინფორმაციის მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენი სისტემის მთავარი დანიშნულება შემოქმედებითი ფიქრის სტიმულირება. გაკვეთილების ტიპი მორგებულია ამ ფილოსოფიასა და პრინციპზე, ასე უნდა ასწავლონ საგანი მასწავლებლებმაც. აქცენტი არა დაზეპირებაზე, არამედ შემოქმედებით აზროვნებაზე უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, საქართველოში აღარ არსებობს პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მასწავლებლების სამჭედლო იყო. ახლა გვაქვს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტები, საიდანაც სისტემაში კადრები მოდიან. რაც შეეხება ტრენინგებს, მნიშვნელობა აქვს მასალის ცოდნას, ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის პედაგოგიური უნარ-ჩვევები, რომელთა საშუალებითაც მასწავლებელი ბავშვში ინტელექტუალური შრომის სიყვარულს გააღვიძებს. პლუტარქემ თქვა, ადამიანის გონება არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო. ამ გამონათქვამში ჩადებულია პედაგოგიკის მთელი არსი. ზუსტად ესაა მთავარი პედაგოგის მთავარი ამოცანა. თუ ბავშვს გაუჩნდა სიყვარული კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მიმართ, ჩვენ ჭეშმარიტად განათლებულ მოქალაქეს მივიღებთ. ინფორმაციის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ახალგაზრდა შეეჩვიოს დამოუკიდებლად შემოქმედებით აზროვნებას და ფიქრს“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე თქმით, საბაზისო დონეზე მათემატიკა გონებისთვის საუკეთესო ვარჯიშია და ამოცანების შემოქმედებითად ამოხსნის პროცესი ადამიანს გამოადგება ყველა დარგში.
„21-ე საუკუნეში მოთხოვნები მუდმივად იზრდება. ახალი სკოლის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ, ითვალისწინებს სწორედ შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანის გაზრდას. ინფორმაციის მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენი სისტემის მთავარი დანიშნულება შემოქმედებითი ფიქრის სტიმულირება. გაკვეთილების ტიპი მორგებულია ამ ფილოსოფიასა და პრინციპზე, ასე უნდა ასწავლოს საგანი მასწავლებლებმაც. აქცენტი არა დაზეპირებაზე, არამედ შემოქმედებით აზროვნებაზე უნდა გაკეთდეს. მაგალითად, ფინეთმა დიდ წარმატებას მიაღწია ამ მიდგომით, როდესაც ერთი კონკრეტული ფენომენის განხილვა სხვადასხვა კუთხით, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და მათემატიკის კუთხით ხდება. ყველა საგანი არის ერთი მთლიანის, ინტელექტუალური პროცესის კონკრეტული წახნაგი. მოსწავლეს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი ისეთი დავალება, რომელიც კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს“, - აღნიშნა მინისტრმა.
imedinews.ge