ქართული ოცნების დეპუტატებმა კახა კუჭავამ და მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ბაღები, სკვერები და პარკები კანონით იქნება დაცული. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ახალი კანონპროექტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. „მმართველი გუნდის“ ამ შეფასების მიუხედავად ჯერჯერობით უცნობია დოკუმენტი რა სახით იქნება შემუშავებული. როგორც ცნობილია დედაქალაქის მასშტაბით გამწვანებული ტერიტორიებს ახალი გენგეგმაც დაიცავს. კომერსანტი დაინტერესდა რატომ გახდა საჭირო ახალი კანონპროექტის შემუშავება მაშინ, როცა თბილისის გენგეგმაში „მწვანე ხაზები უკვე გავლებულია“.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ გამწვანებული ტერიტორიების საკითხებზე კანონის მიღება აუცილებელია. მისი თქმით, კანონი არის მარეგულირებელი, რომელიც გენგეგმის მიერ გამოყოფილ ტერიტორიებს დაიცავს. სალუქვაძე განმარტავს, რომ გენგეგმაში არ შეიძლება აისახოს ყველა ის საკითხი, რომელიც დაცვის რეჟიმებს ეხება.
„გამწვანებული ტერიტორიების დაცვა კომპლექსური საკითხია, მხოლოდ იმაზე არაა ლაპარაკი, რომ ტერიტორია შემოიხაზოს და საზღვრები დადგინდეს, ლაპარაკია იმაზე, თუ რა სტატუსის მატარებელია ესა თუ ის ტერიტორია, რასაც განსაზღვრა სჭირდება. ჩვენ გენგეგმაში გამოვყავით ის ტერიტორიები, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს დაცული და ეს ასახული არის თემატური რუკის სახით. მაგრამ, რა რეჟიმით უნდა იყოს დაცული, რას წარმოადგენს ეს ტერიტორია არის ეს ბაღი, პარკი თუ სკვერი უცნობია, ყველაფერს თავისი სტატუსი გააჩნია. სამწუხაროდ 90-იანი წლების შემდეგ ესეთი სტატუსები აღრეულია და მსგავსი სტატუსების მინიჭების პრაქტიკა აღარ არსებობს. ჩვენ არ ვიცით ბაღი რომელია და პარკი რომელი, ამისთვის სპეციალური რეესტრია საჭირო, ეს სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ვთვლი, რომ მთელი რიგი საკითხებია, რაც კანონში უნდა აისახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვის კუთხით ჩვენს მიერ მონიშნული გამწვანებული ტერიტორიები შეიძლება ფორმალობად იქცეს, “- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
გენგეგმაზე მომუშავე სითი ინსტიტუტის დირექტორი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ საჭიროა გამწვანებული ტერიტორიების ინვენტარიზაცია, რაც მისივე თქმით, დიდი ხანია თბილისში არ ჩატარებულა.
„ჩვენ უხეშად შევეცადეთ, რომ ტერიტორიები დაგვეცვა, მაგრამ თავიდანვე ვამბობდით, რომ ქალაქში გამწვანებული ტერიტორიების ინვენტარიზაცია არ არის ჩატარებული, ეს სპეციალური ტექნოლოგიით ხორციელდება. აუცილებლად უნდა დადგინდეს, კვლევის დროს რომელიმე გამწვანებული ტერიტორია, ხომ არ არის გამორჩენილი. ჩვენ უბრალოდ მოვხაზეთ გარკვეული არეალები და ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს დაცული, მაგრამ ზუსტი კოორდინატები დადგენილი არ გვაქვს. ეს შემდგომ პროცესს უნდა მოყვეს, რომელსაც ინვენტარიზაცია ჰქვია“, - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
კომერსანტი კანონპროექტის შესახებ დამატებით დეტალების გარკვევას შეეცად,ა თუმცა საკანონმდებლო ინიციატივა ჯერჯერობით პარლამენტის ვებ-გვერდზე არ ატვირთულა. ინფორმაციის ვერც კანონის ინიციატორი პარლამენტარებისგან მივიღეთ. მმართველი გუნდის ლიდერებმა კახა კუჭავამ და მამუკა მდინარაძემ კომერსანტის ზარებს არ უპასუხეს. გარემოს დაცვის კომიტერის წევრებმა კი, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ჯერჯერობით პროექტის დეტალებზე არაფერი იციან.
ბაჩო ადამია