გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

access_time2020-02-23 18:00:01

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ ჩინეთის ეკონომიკა რამდენიმე თვით ნამდვილად შეფერხდება, ეს კი გლობალური ეკონომიკისთვის თავისთავად უსიამოვნო ფაქტორია.


ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება, თუ ეპიდემია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება და მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. ასეთ კატასტროფას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1920-იანი წლების დიდ დეპრესიას გაუტოლდება. თუმცა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში მსგავს ალბათობას ექსპერტები ნაკლებმოსალოდნელად მიიჩნევენ. თუმცა კატასტროფების მკვლევარი ეკონომისტები თვლიან, რომ მასშტაბური ეპიდემია მომავალში გარდაუვალია.


რამდენიმე კვირის წინ ამბობდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე ეპიდემია გავლენას არ იქონიებს. პანიკა უკვე დაიწყო?



სანამ ჩინეთის მთავრობა ხუბეის პროვინციაში ფრენებს აკრძალავდა და ეპიდემიას „ძალიან სერიოზულს“ უწოდებდა, საერთაშორისო ექსპერტები თვლიდნენ, რომ ახალი კორონავირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემიას (ეს დაავადებაც კორონავირუსით იყო გამოწვეული) გაუტოლდებოდა. ეს ვირუსიც 2003 წელს ჩინეთში გამოვლინდა. ქვეყნის ხელისუფლება თავიდან პრობლემაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ეპიდემია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ამის შედეგად 8 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, 800-ზე მეტი კი გარდაიცვალა. მაშინ ჩინეთის ეკონომიკის განვითარება რამდენიმე თვით შენელდა (სულ რაღაც 1%-ზე ნაკლებით), მაგრამ ეპიდემიის დასრულების შემდეგ პროცესი მალევე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.


2020 წლის 20 იანვრამდე ითვლებოდა, რომ ახალი კორონავირუსი უფრო ნელა ვრცელდებოდა, ვიდრე მწვავე რესპირატორული სინდრომი, სიკვდილიანობის მაჩვენებლი კი გაცილებით დაბალი იყო. ახლა უკვე ითვლება, რომ ახალი კორონავირუსი უფრო გადამდებია და სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც თუ ისე დაბალი. 30 იანვრისთვის დაავადებულთა რაოდენობამ მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდემიის საერთო მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. 2003 წლის ვირუსისგან განსხვავებით, ახალი კორონავირუსი გადამდებია მისი მატარებლებისგანაც, რომელთაც დაავადების სიმპტომები საერთოდ არ აქვთ, რაც ეპიდემიასთან ბრძოლას უფრო ართულებს. თუმცა მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ თქმა, რამდენად ეფექტიანია ეპიდემიასთან ბრძოლის ისეთი მეთოდები, როგორიც არის კარანტინი ან სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვა. ასეა თუ ისე, პროგნოზების უმრავლესობის თანახმად, ეპიდემიის შეჩერება მკაცრი მეთოდებით შესაძლებელი იქნება. თებერვლის შუა რიცხვებში ის კულმინაციას მიაღწევს, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2003 წლის ეპიდემიის ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბებს.


სამედიცინო პროგნოზის ტონის ცვლილებამ გავლენა ეკონომისტების რიტორიკაზეც იქონია. კომპანია Moody’s Analytics- ის აზრით, ეპიდემია შეიძლება გახდეს ისეთი „შავი გედი“, რომლის მსგავსიც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს. სააგენტოს ექსპერტების შეფასებით, გლობალური ეკონომიკის შედეგები შეიძლება იმაზე უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე 2008-2009 წლების გლობალური რეცესიის ან თუნდაც 1920-იანის წლების დიდი დეპრესიის დროს იყო.


არის თუ არა მზად მსოფლიო ახალი გლობალური ფინანსური კრიზისისთვის?


ექსპერტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ მოსალოდნელია სერიოზული გლობალური ეპიდემია, რომლის მსხვერპლიც ასობით და ათასობით ადამიანი იქნება. არც ის არის ახალი, რომ მისი შედეგები მსოფლიო ეკონომიკისთვის კატასტროფული იქნება. მსოფლიო ბანკმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შექმნა ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც ეპიდემიის ალბათობა უნდა შეესწავლა და მსოფლიო ლიდერებისთვის ერჩია, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად რა უნდა გაეკეთებინათ.


მას შემდეგ მსოფლიო ბანკი ყოველ წელს აქვეყნებს ანგარიშებს, რომ კატასტროფული ეპიდემიის ალბათობა იზრდება, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა კი ამისთვის მზად არ არის. ეს არგუმენტები კი ასე გამოიყურება:


- მედიცინის სფეროში არსებული ყოველი წინსვლა და ანტიეპიდემიური ორგანიზაციების თითოეული წარმატება (გასულ ასწლეულთან შედარებით) იფარება იმ საშიშროებით, რომელიც ვირუსის გავრცელების თანამედროვე საშუალებებთან არის დაკავშირებული. ეს არის ავიამიმოსვლის, საერთაშორისო ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროს გაფართოება.
- მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები ეპიდემიასთან ბრძოლის საშუალებას იძლევა, თუმცა ასევე შესაძლებელია განსაკუთრებით საშიში მიკროორგანიზმების შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსით ეპიდემიის გამოწვევა.


- მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ სწრაფად გავრცელებულ მომაკვდინებელ ინფექციას წინ აღუდგეს.


1918 წლის გრიპის ეპიდემიამ („ესპანკა“) მსოფლიოს მაშინდელი მოსახლეობის მესამედი მოიცვა და დაახლობით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღესაც კი ასეთ ვირუსს 50-80 მილიონი ადამიანის განადგურება შეუძლია.


ეკონომიკური ზარალი განსაკუთრებით მაღალი იქნება იმ პანიკის გამო, რომელიც თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით ძალიან სწრაფად ვრცელდება. სწორედ შიში შეაფერხებს სავაჭრო ურთიერთობებს და ეკონომიკურ კრიზისს გააღრმავებს.


ბევრ ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლას პოლიტიკოსებისა და მეცნიერებისადმი უნდობლობაც შეაფერხებს. 2014-2016 წლებში, სამხრეთ აფრიკაში გავრცელებულ ებოლას ვირუსის ეპიდემიასთან გამკლავება სწორედ ამ მიზეზით გართულდა.


როგორ აფასებენ ექსპერტები და ეკონომისტები მოსალოდნელ გლობალურ ფინანსურ კრიზისს?


სპეციალისტების შეფასებით, სერიოზული ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შეფასება არც ისე ადვილია. არსებობს მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარი, რომლებშიც კატასტროფის მასშტაბის შეფასების მცდელობაა მოცემული.


2006 წელს ეკონომისტებმა წარმოადგინეს მოდელი, რომელშიც აღწერილია, თუ რამდენად არის გრიპის სერიოზული ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ეკონომიკური ზარალი დამოკიდებული. მეცნიერთა გათვლით, „ესპანკის“ მსგავს ეპიდემიას შეუძლია გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა, რომელიც დიდი დეპრესიის პერიოდს გაუტოლდება. კატასტროფული ეპიდემიის შემთხვევაში (როცა მსხვერპლის რაოდენობა 142 მილიონს შეადგენს) მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი წელიწადში 8-9%-ით შემცირდება. ყველაზე მეტად დაზარალდებიან ისეთი სავაჭრო ჰაბები, როგორიც არის სინგაპური და ჰონგ-კონგი, ასევე - ნავთობმწარმოებელი ქვეყნები. კრიზისი ყველაზე ნაკლებად შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, რადგან დაზარალებული ქვეყნებიდან კაპიტალი სწორედ მათკენ დაიძვრება.


2016 წელს ეკონომისტთა ჯგუფმა სხვა მოდელი წარადგინა. ეს უკანასკნელი გრიპის ვირუსის ჰიპოთეთიკურ ეპიდემიას ეფუძნებოდა. მეცნიერებმა 1700 წლიდან მოყოლებული ეპიდემიის ყველა შემთხვევა განიხილეს და ყველაზე მძიმე შედეგების გათვლა სცადეს. ამ მოდელში „ესპანკა“ მოიხსენიება როგორც „სუპერეპიდემია“. ნაკლებად მასშტაბური ეპიდემია კი, რომელმაც ასობით ათასი და მილიონობით ადამიანიც კი იმსხვერპლა ბოლო 300 წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 6 იყო. მკვლევართა გათვლით, ყოველ წელს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიის ალბათობა, რომელსაც 700 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვა შეუძლია, 3,6%-ს შეადგენს. ამ მასშტაბის გრიპის ეპიდემია ბოლოს 1968 წელს დაფიქსირდა.


არც თუ ისე დიდი მასშტაბის ეპიდემია (მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 700 ათასი) მსოფლიო შემოსავლის 0,8%-ით შემცირებას გამოიწვევს. ეს კი ყველაზე მეტად საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს დააზარალებს, ყველაზე ნაკლებად კი - მდიდარ ქვეყნებს. თუმცა კვლევის ავტორები იმასაც ამბობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობით გამოწვეული ნაციონალური შემოსავლის შემცირების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე - განვითარებად ქვეყნებში.


მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეპიდემია იშვიათად ხდება, მისი შედეგები მსოფლიო ეკონომიკაზე ათწლეულების განმავლობაში აისახება. ყოველ წელზე გადაანგარიშებით (იმ წლების ჩათვლით, როცა ეპიდემია არ იყო), ამ მიზეზით მიყენებული ზარალი ეკონომისტებმა მსოფლიო შემოსავლების 0,7%-ით შეაფასეს, რაც გლობალური დათბობით მიყენებულ ზარალს (მსოფლიო შემოსავლის 0,2-2% ) უტოლდება.


შეუძლია თუ არა ახალ კორონავირუსს დიდი ეკონომიკური ზარალის გამოწვევა?


ჯერჯერობით მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი დაკავშირებულია არა ეპიდემიასთან, არამედ მასთან ბრძოლის მეთოდებთან. აშკარაა, რომ ჩინეთის ეკონომიკა დაზარლდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე აღიარეს, რომ წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, 5%-ზე დაბალი იქნება. კონკრეტულად რამდენით ნაკლები იქნება, ეპიდემიის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიის ტემპი შემცირდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია, რომ დანაკარგი უფრო მეტი იყოს, ვიდრე 2003 წლის მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდემიის დროს.


ჩინეთის ხელისუფლება მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად შესაბამისი ზომების მიღებას ცდილობს. საახალწლო არდადეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 თებერვლამდე, დიდ ქალაქებში კი 9 თებერვლამდე გაგრძელდა (როგორც წესი, ეს პერიოდი 31 იანვარს სრულდება). შესაძლოა, ვადის გახანგრძლივება კიდევ გახდეს საჭირო, რაც ეპიდემიის გავრცელების ტემპსა და შედეგებზეა დამოკიდებული.


ამით დაზარალდება არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკა, არამედ ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც მასთან საწარმოო და სავაჭრო ურთიერთობა აქვს. მაგალითად, ჩინურმა კომპანიებმა სმარტფონების წარმოება გადაავადეს. ეს ეხება როგორც ადგილობრივ პროდუქციას, ისე იმ მოდელებს, რომლებსაც ჩინურ ქარხნებში აწყობენ.


თუ ეპიდემია გაჭიანურდება, საერთაშორისო კომპანიებს მოუწევთ ახალი საწარმოო ქსელების შექმნა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შეფერხების შესახებ უკვე განაცხადა უდიდესმა ჩინურმა ელექტრონულმა რითეილერმა AliExpress-მა.


ზარალი ელოდება სატრანსპორტო და ტურისტულ კომპანიებსაც. ეს ეხება არა მხოლოდ ჩინეთის სეგმენტს, რადგან ადამიანების გადაადგილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება.


ეკონომისტები მთავარ საფრთხედ მაინც ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის შემცირებას მიიჩნევენ. ეს შეიძლება გლობალური ფინანსური კრიზისის ერთგვარი ბიძგიც კი აღმოჩნდეს. Moody’s-ის ანალიტიკოსებმა ყურადღება ფერადი მეტალების ფასის ინდექსის შემცირებაზე გაამახვილეს. სწორედ ეს არის მსოფლიო ინდუსტრიული წარმოების საუკეთესო ინდიკატორი. ექსპერტების შეფასებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ მეტალებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, რასაც გლობალური კრიზისის გამოწვევა შეუძლია.


კრიზისის საფრთხე ჩინეთში, ეპიდემიის დაწყებამდეც არსებობდა. მას პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ომს უკავშირებდნენ. 14 იანვარს კი აშშ-მა და ჩინეთმა გააფორმეს გრძელვადიანი შეთანხმება, რომელსაც მოსალოდნელი საფრთხე თავიდან უნდა აერიდებინა. თუმცა ეპიდემიას, რომელმაც ჩინეთის ქარხნების მუშაობა შეაჩერა, ბევრად მეტი ზარალის მიყენება შეუძლია, ვიდრე ჩინურ-ამერიკულ სავაჭრო ომს.


წყარო: imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up