ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინდა, მას ვირუსი იტალიიდან ჩამოსული თანამშრომლისგან გადაედო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ მისი ცოლ-შვილიც.
სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ერთია იმ დაავადებულთაგან, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაცია ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, მოგვიანებით, პოსტი ნიკოლოზ გამყრელიძემაც დაწერა.
„გაუფრთხილებლობით შეიძლება, უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება, ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება, - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ „ფეისბუქზე“ 7 მარტს დაწერა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, დღეიდან მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე გადავიდა.
წყარო: sputnik-georgia.com