ამ ვირუსმა ჩვენი გლობალური სისუსტე გამოაჩინა და ეს სისუსტე მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებით არ შემოიფარგლება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა Vatican News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„გლობალური კოორდინირებული ძალისხმევის სისუსტე ის არის, რომ კლიმატის კრიზისს პასუხი ვერ გავეცით, ბირთვული იარაღის გავრცელების რისკები გავზარდეთ და ვერ შევთანხმდით ინტერნეტის სივრცის უკეთ რეგულირებაზე. პანდემიამ უნდა გამოგვაფხიზლოს. გლობალური საფრთხეები ახალ ერთობასა და სოლიდარობას მოითხოვენ“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა იმ ადგილებში შეიძლება გაიზარდოს, სადაც კორონავირუსთან გამკლავება არ შეუძლიათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews.ge