იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე, 26 იანვარს თანამდებობიდან გადადგა, რაც ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას ხელ-ფეხს უხსნის, დაიწყოს ინტენსიური კონსულტაციები იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.
ძირითადი პოლიტიკური ძალების ლიდერებთან კონსულტაციების დასრულებისა და ახალი მთავრობის ფორმირებამდე, იტალიის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, მატარელამ სთხოვა კონტეს, რომ დროებით შეასრულოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობა.
„როიტერსის“ თანახმად, გასულ კვირაში ჯუზეპე კონტეს უნდობლობა გამოუცხადა იტალიის სენატმა მას შემდეგ, რაც მთავრობის შემადგენლობა დატოვა საპარლამენტო კოალიციაში შემავალმა პარტია „Italia Viva“-მ, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი.
კოალიციური პარტნიორების უთანხმოების მიზეზი გახდა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი და ეკონომიკური რეცესია.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მეორედ ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს. იგი 2019 წლის აგვისტოშიც გადადგა იმხანად კოალიციურ მთავრობაში შემავალი ორი პოლიტიკური სუბიექტის, მატეო სალვინის პარტია „ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობას შორის მომხდარი განხეთქილების გამო.
www.radiotavisupleba.ge