„ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შემდეგ „კომერსანტი“ დაინტერესდა რა გააკეთა და რა მიღწევებით დაამახსოვრა მმართველმა პარტიამ საზოგადოებას თავი.
ჩვენს რესპონდენტებს სიმბოლურად 6 ასეთი ფაქტის დასახელება ვთხოვეთ.
„ქართული ოცნების“ 6 მნიშვნელოვანი მიღწევის გახსენება უჭირს ეკონომისტს, პროფესორ ვლადიმერ პაპავას.
მახსენდება სტრატეგია 20/20, რომელიც იყო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავებულიყო სამოქმედო გეგმა. სამწუხაროდ, არ შემუშავებულა. მანუგეშებელი ის არის, რომ ეს დოკუმენტი გაუქმებული არ არის. დღეს იმედიანად ვუყურებ მამუკა ბახტაძეს, რომელმაც მთავრობაში მოსვლის დროს იმედის მომცემი განცხადებები გააკეთა. თუმცა, უკვე დროა ეს განცხადებები მოქმედებაში გადაიზარდოს. პრემიერს ვურჩევდი, რომ შექმნას ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო, რომელიც არის ამერიკული გამოცდილება. თუ ასეთი საბჭო შეიქმნება მას ექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა ქართველ ეკონომისტებთან, რათა მთავრობისგან ალტერნატიული ხედვაც ჰქონდეს წარმოდგენილი, რომ შემდეგ მიიღოს შესატყვისი გადაწყვეტილება“,- აცხადებს ბატონი ვლადიმერ პაპავა.
6 მნიშვნელოვანი მიღწევის გახსენება რთული აღმოჩნდა ექსპერტ გია ხუხაშვილისთვისაც. მისი თქმით, ხელისუფლებას ქვეყნისთვის პოზიტიური და სასარგებლო არაფერი გაუკეთებია.
„სამწუხაროდ, ქართული ოცნება ბევრი ვერაფრით დაიკვეხნის. ერთადერთი რაც გააკეთა ოდნავ მოწესრიგდა სოფლის მეურნეობის მიმართულება. ეს არის ზღვაში წვეთი და მაინცდამაინც სატრაბახოდ არ გამოდგება . „ქართული ოცნების“ ქრონიკული პრობლემა არის ის, რომ ვერა და ვერ ახერხებს ანტიმონოპოლიური კანონის ეფექტურად ამუშავებას, ელიტური კორუფცია როგორც იყო ისევ ისე რჩება. ესეთ ვითარებაში რეალური სექტორის განვითარება, რაც არ უნდა კეთილი მიზნები გქონდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია“, — ასეთია გია ხუხაშვილის პოზიცია.
ბაჩო ადამია