საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკიდან ბაზრის წილის ნახევარზე მეტს სესხებშიც, ანაბრებშიც, აქტივებშიც, შემოსავლებსა და წმინდა მოგებაშიც თიბისი და საქართველოს ბანკი ფლობენ, რომლებიც პირველობას მორიგეობით ინაწილებენ. 1-ლი იანვრის მდგომარეობით გაცემული სესხების ოდენობით #1 ადგილს თიბისი ბანკი იკავებს.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ბანკს კლიენტებზე სულ 14 მლრდ ლარის სესხი ჰქონდა გაცემული, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.233 მლრდ-ით, 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებს კი 4.771 მლრდ-ით აღემატება.
საქართველოს ბანკის უშუალო კონკურენტის - თიბისის სასესხო პორტფელი 2020 წლის 31 დეკემბერს 14.9 მლრდ ლარს შეადგენდა. 2.296 მლრდ-ით მეტს ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში და 4.594 მლდ-ით მეტს ვიდრე 2018 წელს.
საქართველოს ბანკმა გაცემული სესხების მოცულობა 1 წელიწადში 19%-ით, ხოლო 2 წელიწადში 52%-ით გაზარდა. რაც შეეხება თიბისი ბანკს, მის მიერ გაცემული სესხები 1 წელიწადში 18%-ით, 2 წელიწადში კი 45%-ით გაიზარდა.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ სულ 38.8 მლრდ-ის სესხი იყო გაცემული, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 36%-ს, თიბისი ბანკის წილი კი 38.4%-ს შეადგენდა, ანუ ჯამში ორ უმსხვილეს ბანკზე გაცემული სესხებით თითქმის 3/4 მოდიოდა.