„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები აპირებენ, რომ 23 ნოემბერს რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის გამოაცხადონ, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ამერიკის ადმინისტრაცია, 23 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრამდე, გაავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. თუ დიპლომატები ამ წინადადებას მხარს დაუჭერენ, შეზღუდვის გამოცხადება იმავე საღამოს მოხდება, თუმცა, როგორც სააგენტო წერს, ვადები შესაძლოა შეიცვალოს.
ამავდროულად საქმეში ჩახედული ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ კოალიციაში არ იციან, საბოლოოდ, როდის შეიძლება ამის დამტკიცება.
სექტემბერში G7-მა მხარი დაუჭირა რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის დადგენას, რითაც უნდა შეამცირონ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები ენერგორესურსებიდან მიღებული სახსრებით. გეგმის თანახმად, 5 დეკემბერს ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის კომპანიები შეძლებენ რუსული ნავთობის მიწოდებაში ნებისმიერი მომსახურების გაწევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნედლეულის შეძენა განსაზღვრულ ფასზე ნაკლებად მოხდება.
ბაზრის მონაწილეებმა არ იციან, როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი, ვინაიდან რუსული ნავთობი ახლაც კი 20-30 დოლარიანი ფასდაკლებით იყიდება ბრიტანულ Brent-თან შედარებით. თანაც, ბოლო კვირებია ნავთობი მსოფლიოს მასშტაბით იაფდება და 90 დოლარის ფარგლებში იყიდება.