2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მასშტაბით ფუტკრის ოჯახების 65-75 პროცენტი განადგურდა, რაც „ფუტკრების დაცემის“ სახელითაა ცნობილი. მოვლენა ძირითადად ვარუას ტკიპას გავრცელებას უკავშირდება, რომელი 18 დან 20-ამდე ვირუსის გადამტანია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული თაფლის მოცულობა თითქმის განახევრდა და შესაბამისად თაფლის ფასიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ფუტკრის, როგორც დამმტვერავი მწერის როლი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნაყიფიერებაშიც დიდია, რაც მნიშვნელოვნად აისახება 2022 წლის სასოფლო მოსავლიანობაზე.
მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ გადარჩენილი ფუტკრების პროტუქტიულობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ბაზარზე ფუტკრისა და თაფლის ფასი უკვე იმატებს.
„რადგან რაოდენობრივად შეგვიმცირდება პროდუქტის მოცულობა, განახევრებული იქნება წარმოება რა თქმა უნდა ეს ფასზეც აისახება. გადარჩენილი ფუტკარიც სუსტია და პროდუქტიული ვერ იქნება. თვითონ ფუტკრის ფასმა უკვე მოიმატა - 35-40 ლარია ერთი ჩარჩო ფუტკარი, შარშან კი 20-25 ლარი ღირდა. ხალხს უნდა ოჯახების აღდგენა და ეძებენ საყიდლად, თუმცა ბაზარზე მცირე რაოდენობაა.
გამოკითხულმა მეფუტკრეებმა აღნიშნეს, რომ მომატებულია ვარუას რაოდენობა. ეს პრაზიტი მეოცე საუკუნეში გავრცელდა. ამ ტკიპის სამკურნალოდ სამი პრეპარატი გამოიყენება, თუმცა ვარუამ უკვე გამოიმუშავა იმუნიტეტი და ვეღარ უმკლავდება ეს პრეპარატი მის გავრცელებას.
დაუთვლელია ის, რომ ფუტკარი დამმტვერავი მწერია და სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაყოფიერება და მსხმოიარობაც შემცირდება, ამას 2022 წელს უფრო ვიგრძნობთ,“ - ამბობს ალეკო პაპავა.
რაც შეეხება ქართული თაფლის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, ალეკო პაპავას თქმით ამ წლის იანვრის თვეში საქართველოდან ევროკავშირში 19 ტონა თაფლი გავიდა თუმცა ლაბორატორიული შემოწმებების საკითხი კვლავ მოსაგვარებელია.
„2020 წლის დკემბერში იტალიაში გავიდა გარკვეული მოცულობით ქართული თაფლი, იანვარში ევროკავშირში 19 ტონა თაფლი გავიდა. მთავარი ისაა, რომ თაფლმა უნდა დაიმკვიდროს თავი, მას ცნობადობა სჭირდება, სახეობები არ უნდა დავკარგოთ და გავიდეს „წარმოებულია საქართველოში“-ს სახელით. რა შეეხება შემოწმებებსა და ხარისხს, ზოგ პარამეტრებზე მოწმდება საქართველოში, მაგრამ ყველა პარამეტზე ვერა, შესაბამისად ვაგზავნით საზღვარგარეთ. თაფლის ხარისხი უმჯობესდება - თუ 2019 ში გვქონდა 11 პროცენტი დანაგვიანება, წელს გვაქვს 8 პროცენტი. პრობლემა ისიცაა, რომ ვეტერინარები არ გვყავს ამ დარგში, რომლებიც დაავადებებს ამოიცნობენ და რეაგირებას მოახდენენ, ძველი თაობა აღარაა და ახალი აღარ მოდის,“ - განმარტავს მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე.