ეკონომისტი ირაკლი მაკალათია აცხადებს, რომ საქართველოს იმდენად მცირე ეკონომიკა აქვს, მასზე ნებისმიერი ცვლილება ახდენს გავლენას.
„საქართველო პატარა ეკონომიკაა, რაც მაგალითად იმაში გამოიხატება, რომ როდესაც 2018 წლის პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, 5.3%-იანი, თუმცა ამას ჩვენ მივაღწიეთ 320 მილიონი ლარის დამატების ხარჯზე. წარმოიდგინეთ რა მცირე ზომის ეკონომიკაა, როცა მაგალითად გერმანიამ 1.6%-იანი ზრდა 11.7 მილიარდი ევროს ხარჯზე მოახერხა. სწორედ ეკონომიკური ზრდის რეიტინგების შედარება ასე პირდაპირ არ შეიძლება"-აცხადებს მაკალათია.
მისი თქმით, ხშირად ფულის მასა ეკონომიკაზე მეტად იზრდება, რაც ასევე იწვევს ლარის კურსის გაუფასურებას.
„მნიშვნელოვანია ასევე ფულის მასა. იყო პერიოდები, როდესაც ყველა ფუნდამენტური ფაქტორები დადებითი იყო, თუმცა ლარი მაინც უფასურდებოდა. ამის მთავარი პრობლემა ჩემი აზრით, ფულის მასა იყო, რომელიც აწვებოდა ეკონომიკას.
ამას ეროვნული ბანკიც უწყობს ხელს, როდესაც ხშირად ასეთ რთულ მდგომარეობაში ივსებს მარაგებს და ყიდულობს დოლარს, შესაბამისად იზრდება ლარის მასაც. გასაგებია, რომ როდესაც ეკონომიკა იზრდება ფულის მასაც უნდა მივაწოდოთ, მაგრამ როცა მასას უფრო მეტად ზრდი, ვიდრე ეკონომიკა იზრდება და პროდუქტი იქმნება, ეს იწვევს ლარის გაუფასურებას“ - ამბობს მაკალათია.
BMG