საქართველოში ფულის მასა გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. M2 იგივე ფართო ფული, რომელიც ეროვნულ ვალუტაში ნაღდ ფულს, პლუს მიმდინარე ანგარიშებსა და დეპოზიტებს აერთიანებს 2020 წლის დეკემბერში ₾13.660 მლრდ გახდა, რაც 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. განსაკუთრებით სწრაფი ზრდა დეკემბერში დაფიქსირდა როდესაც ფულის მასა 8%-ით 1 მლრდ ლარზე მეტით გაიზარდა.
2009 წლის კრიზისისგან განსხვავებით, როდესაც ფულის მასა 8 თვეში 35%-ით შემცირდა, 2020 წელს ზრდა გაგრძელდა. 2009 წელს ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა, 2020 წლის 11 თვეში 5.9%-ით.
M2-თან ერთად გაზრდილია ფულის სხვა აგრეგატებიც, მათ შორის: მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა 13%-ით ₾4.661 მლრდ-მდე, ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული M0 – 15%-ით ₾3.733 მლრდ-მდე, M1 რომელიც ნაღდ ფულთან ერთად მიმდინარე ანგარიშებსაც მოიცავს - 10%-ით ₾10.037 მლრდ-მდე, ასევე M3-იც 25%-ით ₾30.380 მლრდ-მდე. ეს უკანასკნელი თავის თავში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებსაც აერთიანებს, რის გამოც ლარის გაუფასურებამ მისი ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა.
ბოლო 25 წელიწადში M0 44-ჯერ, M1 94-ჯერ, M2 122-ჯერ, ხოლო M3 231-ჯერ გაიზარდა. 1995 წლის ოქტომბერში, ლარის მიმოქცევაში გაშვების მომენტისთვის მათი მოცულობები შესაბამისად 85, 107, 112 და 131 მლნ ლარს უდრიდა.
გიორგი ელიზბარაშვილი