საქართველოში ფული მასა გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. M2 – იგივე ფართო ფული, რომელიც ეროვნულ ვალუტაში ნაღდ ფულს, პლუს მიმდინარე ანგარიშებსა და დეპოზიტებს აერთიანებს, ივლისში წლის დასაწყისთან შედარებით 8%-ით და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით – 14.815 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 2020 წლის ივლისში M2 2.259 მლრდ-ით ნაკლებს - 12.557 მლრდ-ს უდრიდა.
M2-თან ერთად გაზრდილია ფულის სხვა აგრეგატებიც. კერძოდ M1 – ანუ ნაღდი ფული, მიმდინარე ანგარიში და მოთხოვნამდე დეპოზიტები 7 თვეში 6%-ით და 1 წელში 15%-ით – 10.6 მლრდ–მდე გაიზარდა, M0 - ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის მოცულობა წელს უმნიშვნელოდ – 0.7%-ით 3.7 მლრდ-მდე შემცირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული კი, როგორც ბანკებში, ასევე ბანკებს გარეთ, 2020 წლის ივლისიდან დღემდე 7%-ით 4.6 მლრდ-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება M3-ს, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, უცხოურ ვალუტაში გახსნილ დეპოზიტებსაც აერთიანებს, მისი მასა ბოლო 7 თვეში 4%-ით და ბოლო 1 წელიწადში 17%-ით 31.5 მლრდ-მდეა გაზრდილი.
ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან დღემდე M0 44-ჯერ, M1 99-ჯერ, M2 132-ჯერ და M3 239-ჯერ გაიზარდა. ლარის ემისია 1995 წლის ოქტომბერში განხორციელდა. მაშინ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული 95 მლნ-ს უდრიდა, საიდანაც ბანკებს გარეთ 84.7 მლნ, ანუ მთელი ფულის 89%-ზე მეტი იყო. დღეს ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის წილი 80%-ს შეადგენს.