არასრულწლოვნის ანაბარზე არსებული თანხის განკარგვის შესაძლებლობა მშობელს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში ექნება. შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა და ის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილება არამხოლოდ ანაბარს, არამედ არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებასაც ეხება.
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 186-ე მუხლებში გაჩნდა შემდეგი სახის ჩანაწერი:
მუხლი 183. - ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)
მუხლი 186. - ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)
რას გამოიწვევს აღნიშნული ცვლილება და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ის, საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ზედმეტი ბიუროკრატიაა, რაც საბოლოოდ „ბანკების წისქვილზე ასხამს წყალს“.
„ეს ზედმეტად ბიუროკრატიული კანონია, რაც ბანკებს საშუალებას აძლევს რომ მშობლის მიერ ანაბარზე განთავსებული თანხა კიდევ უფრო დიდხას შეინახონ. ეს ბანკებზე მორგებული გადაწყვეტილებაა და არა საზოგადოებაზე ან მომხმარებელზე. მშობელს რეალურად უნდა ჰქონდეს უფლება შვილის ქონება და საკუთრება განკარგოს და დამატებითი სასამართლო გადაწყვეტილება ამისთვის არ უნდა სჭირდებოდეს. ეს კიდე ერთი ზედმეტი ბიუროკრატიული დანამატია კანონმდებლობაში და ბანკების წისქვილზე ასხამს წყალს. ნებისმიერ შემთხვევაში ფულის ბანკიდან გატანა უფრო მეტ შეზღუდვასთან იქნება დაკავშირებული და თუ მშობელს სასწრაფოდ დასჭირდება თანხა, ამის გამოყენება სასამართლოს ჩარევის გარეშე არ შეეძლება, რაც დიდ პრობლემას უქმნის მათ და შესაძლოა ბევრმა მათგანმა ამ სახის ანაბრის გახსნიგან თავი შეიკავონ“, - განმარტავს დავით კიკვიძე.