ფული და პოლიტიკა – ფარცხალაძის გზა ნასამართლეობიდან მილიონერობამდე

ფული და პოლიტიკა – ფარცხალაძის გზა ნასამართლეობიდან მილიონერობამდე

access_time2019-12-21 18:00:56

როგორ იქცა “ქართული ოცნების” შავ ლაქად ოთარ ფარცხალაძე

ოთარ ფარცხალაძე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში,  მისმა სახელმა არაერთ სკანდალურ საქმეში გაიჟღერა და იგი ფაქტიურად ხელისუფლების შავ ლაქად იქცა. ყველაფერი კი 2013 წელს ოთარ ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნით დაიწყო. იგი ამ პოზიციას მხოლოდ 47 დღის განმავლობაში იკავებდა, თუმცა არაერთ სკანდალში გაეხვა. პოსტის დაკავების შემდეგ, ოპონენტები მისი წარსულის შესახებ, მუდმივად ახალ დეტალებს იხსენებდნენ.


მათ შორის ერთ-ერთი ფარცხალაძის განათლება იყო, რომელიც პროკურატურას ვებგვერდზე განთავსებულ მის რეზიუმეში ჰქონდა მითითებული. 2014 წლის 28 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფარცხალაძე 1976 წლის 18 ივნისს დაიბადა. თუმცა, 2013 წელს, მთავარმა პროკურატურამ ვებგვერდზე ფარცხალაძის მეორე СV განათავსა, რომელშიც მისი დაბადების თარიღი 1971 წელია. მედიასაშუალებების ინფორმაციით, მიზეზი საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები გახდა, რომელიც ფარცხალაძის СV-ში მითითებულ უნივერსიტეტის დამთავრების თარიღს, 1995 წელს უკავშირდებოდა. თარიღის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ოთარ ფარცხალაძემ, საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში, 1995 წელს დაამთავრა, რაც არარეალურად ჟღერს.

აღნიშნულს პროკურატურის პრეს-სამსახური, თემურ დოლიძე კი იმით ხსნიდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ 6 წლის ასაკში წერა-კითხვა უკვე იცოდა, შესაბამისად, სკოლაში სწავლა არა პირველი არამედ, მეორე კლასიდან დააწყებინეს. 

მიუხედავად, პროკურატურის ვებ-გვერდზე შეცვლილი დაბადების თარიღისა, Declaration.ge-ის მიხედვით ოთარ ფარცხალაძე სწორედ 1976 წელს, თბილისში დაიბადა. მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე ყოფილი პროკურორის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია განთავსებული აღარ არის.

ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,ვანო მერაბიშვილმა, განაცხადა, რომ ფარცხალაძის დავალებით, ის საკნიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. ფაქტს თავად ფარცხალაძე უარყოფდა, თუმცა 2016 წლის 14 ივნისს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 2017 წლის 22 თებერვალს, პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზევე შეწყდა, რის მიზეზადაც ყოფილი პრემიერის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტის არ დადასტურება დასახელდა.

სკანდალი, რის შემდეგაც ფარცხალაძე გადადგა, უკავშირდებოდა წარსულში მის ნასამართლეობას (გერმანიაში.) ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში ბოტასების ქურდობის ბრალდებით იყო გასამართლებული, ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა.

ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, მისი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას დაპირისპირებაა, რომლის შედეგადაც გენერალურ აუდიტორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ლაშა თორდიას განმარტებით, ის ფარცხალაძესა და მერიას შორის არსებული კორუფციული გარიგებებით დაინტერესდა, რასაც ყოფილი პროკურორის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თორდია აცხადებს, რომ ფარცხალაძე შემთხვევის დროს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. საბოლოო ჯამში სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე დამნაშავედ ცნო, თუმცა ჩათვალა რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნებოდა დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას და აღკვეთის ღონისძიების სახით  5000 ლარიანი გირაო დაეკისრა.

სარდაფის საქმე

2018 წლის 10 სექტემბერს  ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის”  დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი “ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.

მოგვიანებით, “რუსთავი 2-მა” კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. “რუსთავი 2-ის” ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მოგვიანებით, ამავე არხზე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა დაადასტურა. ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანს ამ შემთხვევის შემდეგ თვითმკვლელობაც კი უნდოდა.

“ომეგა ჯგუფის” საქმეზე ლევან ყიფიანმა პროკურატურას 9 სექტემბერს ჩვენება მისცა. დაკითხვა 18 საათი გაგრძელდა. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა მედიაში გავრცელებულ მასალაზე და განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები ოქუაშვილთან ერთად უცხოელი პარტნიორებისთვის დადგა. მანვე განმარტა, რომ აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია.

ოქმის მიხედვით, “სარდაფის ეპიზოდში” ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს, “თრილერს” და “სრულ სისულელეს” უწოდებს. ყიფიანი ირწმუნება, რომ ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

“რუსთავი 2-მა” მოგვიანებით ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი “სარდაფის” იმ ეპიზოდზე საუბრობდა, რომელიც პროკურატურაში დაკითხვის დროს უარყო.

დღგ–ს სკანდალი – ბიუჯეტიდან გამქრალი 100 მილიონი

რამდენიმე თვის წინ საზოგადოებისთვის დიდი ოდენობით ყალბი დღგ-ის ანგარიშფაქტურის შექმნისა და მისი თანმდევი ფინანსური მაქინაციების შესახებ გახდა ცნობილი. პირველ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული იყო 38 ბიზნესმენი, ხოლო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს შეადგენდა.

თუმცა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე, 102 ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აქედან 62 პატიმრობაში იმყოფება.

მისივე თქმით, დაკავებულთა უმეტესი ნაწილი სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები არიან.

“საკმაოდ მცდარი აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებული და სად არიან სახელმწიფო მოხელეები. ძალიან ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. საკმაოდ ბევრი მათგანი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომელია, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, მეტსაც გეტყვით, მათ შორის პროკურატურის. ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, ზოგი მათგანი წლების წინ სხვადასხვა თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა, ზუსტად დღგ-ს თაღლითობებზე იყვნენ ნასამართლევი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით კი ამ საქმეში სწორედ ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა და სიტუაციას გაერიდა. “მთავარის” ინფორმაციით ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ათობით კომპანიის ანგარიშზე მოულოდნელად ყალბი აქტივები გაჩნდა, თითქოს სახელმწიფოს ამ კომპანიების ვალი ჰქონდა. ამ ყალბ აქტივებს კი ფირმები საქართველოში შემოტანილი პროდუქციის განსაბაჟებლად იყენებდნენ. ტელეკომპანიის ერთ–ერთი ვერსიით მთელი ეს სქემა ოთარ ფარცხალაძის პატრონაჟით შეიქმნა, თუმცა მალევე ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ფარცხალაძის გავლენების მიუხედავად გამოძიება და დაკავებების სერიები დაეწყო. დაკავებულებს შორის არის კომპანია “ფრეგოს” დამფუძნებელიც.

“მთავარი არხის” ინფორმაციით  სუს–მა ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის ორი სქემა გაშიფრა. არსებული ინფორმაციით კარგად გამოცდილმა აიტი სპეციალისტებმა შემოსავლების სამსახურის სისტემაში შეაღწიეს და კომპანიების ანგარიშებზე ყალბი აქტივები დარიცხეს, თითქოს სახელმწიფოს ფირმების მილიონობით ვალი ჰქონდა, ამ აქტივებით კი საქართველოში შემოსულ საწვავს აბაჟებდნენ. ამ სქემას კი  ტელეკომპანიის ინფორმაციით სწორედ ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

გზა ბოტასების ქურდობიდან მილიონერობამდე

2018 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო–მ” ოთარ ფარცხალაძის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორობის პერიოდში ფარცხალაძე და მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართს და 2 უძრავ ქონებას ფლობდა, ახლა კი ის 7 900 კვ.მ ფართობის და 24 -მდე უძრავი ქონების მეპატრონეა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, 2013 წლის ბოლოს, მთავარი პროკურორის პოსტის დატოვების მომენტში, ოთარ ფარცხალაძე 76 კვ.მ ფართობის ბინას ფლობდა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე და 150 კვ.მ ფართობის ბინას ჯანაშიას ქუჩაზე.

ამ პერიოდში ჰქონდა დაახლოებით 30 000 ლარის ანაბარი, 100 000 დოლარიანი იპოთეკური სესხი და 20 000 ლარის კრედიტი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, ამჟამად ოთარ ფარცხალაძის ქონებაში შედის: ტაბახმელაში, სოფელი წავკისში, 4089 კვ.მ საერთო ფართობის 4 მიწის ნაკვეთი, 1509 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში, 77,5 კვ.მ მშენებარე ბინა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, 38 კვ.მ ფართი კოსტავას ქუჩაზე, ამავე ქუჩაზე 90 კვ.მ ფართი, 101 კვ.მ კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 204 კ. კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 130 კვ.მ ფართი მშენებარე ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, 143 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 33 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 26 კვ.მ ბინა “დიდველი” ბაკურიანში, 25 კვ.მ ბინა “დიდველი” ბაკურიანში.

აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძის მიერ დაფუძნებული შპს “როიალ დეველოპმენტი’’ საპატრნიორო ფონდის ერთ-ერთ პროექტის თანაინვესტორია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სამოქალქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა შენდება. მოგვიანებით ფარცხალაძე კომპანიას ჩამოშორდა, რაც TI-იმ საეჭვოდ მიიჩნია შემდეგი გარემოების გამო:

“აღსანიშნავია,რომ მესაკუთრეების და დირექტორების ბოლო ცვლილება  საეჭვოდ დაემთხვა კვლევაზე მუშაობის პერიოდს და ჩვენს მიერ ფონდისთვის დასმულ  შეკითხვებს ამ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგანაც 2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია “როიალ დეველოპმენტის” 40%-ის წილის მფლობელი და 11 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე საუბარია ოთარ ფარცხალაძის მეუღლის ქონებრივ მდგომარეობაზეც.

მათი ინფორმაციით, ფარცხალაძის მეუღლის ქონებაში შედის: 59 კვ.მ ფართი ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე. ყოფილი ცოლის ქონებაში კი შედის, 40.2 კვ.მ ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, 16, 20 კვ.მ ავტოსადგომი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 61.70 კვ.მ მშენებარე ფართი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 44.12 კვ.მ ფართობი ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 15 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე.

შვილის, ანდრია ანზორ ფარცხალაძის უძრავ ქონებაში შედის: 38 კვ.მ ფართი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 417 კვ.მ მიწა ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 119 კვ.მ ფართი ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 93 კვ.მ ბინა თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე.

როგორც “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ინფორმაციაშია ნათქვამი, 2015 წლის 18 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძემ შპს “როიალ დეველოპმენტის” 40% წილი იყიდა 50 ლარად. 2016 წლის 29 ივნისს მან 50 ლარად ნაყიდი წილი 155 000 აშშ დოლარად გაყიდა.

2014-2016 წლებში ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ შპს “მიტერას” 100% წილი იყიდეს 2500 ლარად, რაც 2016 წლის აგვისტოში 65 000 ლარად გაასხვისეს.

2016 წლის 29 ივნისს ოთარ ფარცხალაძემ შპს “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის” 100% იყიდა 235 000 აშშ დოლარად.

ამჟამად ოთარ ფარცხალაძის ოჯახის წევრებთან ოთხი კომპანიაა დაკავშირებული: შპს “ეკო გრუპი”, სადაც 50-50% ოთარ ფარცხალაძის მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი და ოთარ ფარცხალაძის ვაჟი, ანზორ ფარცხალაძე ფლობენ. გარდა ამისა, ისინი ფლობენ რესტორან “წინანდალის” 49%, კლუბი “ სავანე” 49%, ხოლო შპს “ჰექსას” 20% ვაჟი ფლობს.

გიორგი რანი


ბანკები და ფინანსები




Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up