საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $207 მლნ-ს, იანვარ-ნოემბერში კი $2.120 მლრდ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.7%-ით აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ნოემბრის გადმორიცხვებში $34 მლნ-ით პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს. $32 მლნ-ით მეორე ადგილზე იტალიაა. $24 მლნ-ით შეერთებულმა შტატებმა მესამე ადგილი დაიკავა. საბერძნეთიდან $18 მლნ გადმოირიცხა, ისრაელიდან $17 მლნ და გერმანიიდან $11 მლნ.
გზავნილების მოცულობამ $1 მლნ-ს გადააჭარბა ასევე ყაზახეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, კანადიდან, კვიპროსიდან, საამიროებიდან, ტაჯიკეთიდან და სომხეთიდან.
განსაკუთრებული ზრდა შუა აზიის ქვეყნებიდან შეინიშნება, ყაზახეთიდან 309% და ყირგიზეთიდან 315%. თურქეთიდან გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა, აზერბაიჯანიდან 22%-ით.