ორშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ ივნისში 78,62%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1998 წლის შემდეგ.
თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა TurkStat-მა გამოაქვეყნა ყოველთვიური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც სამომხმარებლო ფასები ყოველთვიურად 4,95%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა სამომხმარებლო ფასების ზრდა, კრიტიკოსები თურქეთის პრობლემებს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. თურქეთის ლიდერი ამტკიცებს, რომ სესხის აღების მაღალი ხარჯები იწვევს ინფლაციას, ეს კი არის პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ეკონომიკურ აზროვნებას. ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც ასევე, არ იზიარებდა მის შეხედულებებს.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრის შემდეგ შეამცირა განაკვეთები 5 პროცენტული პუნქტით, 14%-მდე. გასულ წელს თურქულმა ლირამ კი აშშ დოლართან მიმართებაში ღირებულების 44% დაკარგა.
წლიური ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა 123,37% დაფიქსირდა ტრანსპორტის სექტორში, შემდეგ მოდის სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებიs 93,93%-იანი მატება. თუმცა, TurkStat-ის მაჩვენებლებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ეკონომისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სააგენტო ექვემდებარება პოლიტიკურ ზეწოლას. ინფლაციის კვლევის ჯგუფმა, რომელიც დამოუკიდებელი ეკონომისტებისგან შედგება, ორშაბათს განაცხადა, რომ თურქეთის წლიური ინფლაციის რეალური დონე ივნისისთვის 175,55% იყო.
წყარო: Financial Times