სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განსახილველად წარმოადგინა ბრძანების პროექტი - „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„სამგზავრო ავიაკომპანიების საყურადღებოდ
ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განსახილველად წარმოგიდგენთ: ბრძანების პროექტს - „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
წესის ცვლილების მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვის არსებული პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით, ფრენის სულ მცირე 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ მოითხოვონ კომპენსაცია მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად. აქამდე, ავიაგადამზიდველის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ვრცელდებოდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმების შემთხვევებზე.
წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აეროპორტიდან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იღებენ კომპენსაციას ან დახმარებას ამავე ქვეყანაში.
“საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ საქართველო სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს მიიღო. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციაზე (N261/2004) დაყრდნობით და ადგენს ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის პირობებს.
წესის ცვლილების პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: https://gcaa.ge/draft-regulations/
შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: atd@gcaa.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.