მოსკოვმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1 ივნისამდე აკრძალა. ამის მიზეზად თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დასახელდა.
შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს - ბოლო კვირების მანძილზე ინფიცირების რიცხვი თურქეთში რეკოდრებს ხსნის, თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ეს მხოლოდ საბაბია, რეალურად კი საქმე სულ სხვა რამეშია.
არადა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში რამდენიმე დღის წინ შვებით ამოისუნთქეს. აქ ჩამომსვლელ ტურისტთა შორის დიდი წილი სწორედ რუსებზე მოდის. აეროპორტის სახანძრო ბრიგადა წყლის ჭავლით მიეგება მოსკოვიდან ჩამოფრენილ ავიალაინერს, ხოლო ბოდრუმის მერი იკლალ კაიაკოგლუ 210 პირველ რუს ტურისტს აეროპორტში თავად დახვდა.
„ჩვენ გვიხარია რუსი ტურისტების ხილვა აქ, იმედია, ამ წელს კიდევ უფრო მეტი ჩამოვა“ - განაცხადა მაშინ მერმა.
ეს კვირა იყო, მეორე დღეს კი რუსეთის მთავრობამ თურქეთს მიმართულებით 1 ივნისამდე ყველა ჩარტერული რეისი გააუქმა. ეს თურქეთის ტურისტულ ინდუსტრიაზე მძიმე დარტყმა იყო.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ ეს გადაწყვეტილება თურქეთის მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ახსნა და სიმართლის მარცვალი ამაში არის. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყოს და სინამდვილეში
პუტინი თურქეთის პრეზიდენტს რეჯერ ტაიპ ერდოღანს უკრაინის მხარდაჭერის და კიევისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებისთვის სჯიდეს. კორონავირუსი კი რეალურად არაფერ შუაშია.
შაბათს თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლში თავის უკრაინელ კოლეგას ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა და მას მხარდაჭერას, მათ შორის სამხედროსაც, შეპირდა. ეს ალბათ რუსეთის პრეზიდენტს ძალიან არ მოეწონა და ავიამიმოსვლის შეწყვეტა სწორედ ამან გამოიწვია. ეს პირველად არ ხდება - იმის შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქეთმა სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსეთმა თურქეთთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა.
თურქეთის ტურისტულ ინდუსტრიას ამან დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა რა თქმა უნდა, რუს ტურისტებსაც, რომლების თურქეთის პლიაჟებზე დიდი სიამოვნებით ისვენებენ.
ანკარამ ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, სასტუმროებმა ჰიგიენის ნორმების შესრულების სერტიფიკატები მიიღეს, თანაც მათი პერსონალი ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტულ ჯგუფში შევიდა.
ტურიზმი თურქეთის ეკონომიკის და შრომის ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია - ტურიზმი ქვეყნის მშპ-ს 12% მოდის და ის უცხოური ვალუტის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა.
ბოდრუმში იმედოვნებენ, რომ უახლოეს თვეებში რუსი ტურისტების რაოდენობა 4-ჯერ გაიზრდება. მხოლოდ აპრილში ტურისტულ ქალაქში რუსეთიდან 60 პირდაპირი რეისი უნდა ჩასულიყო.
თუმცა, პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ თურქულ მხარეს ციფრების მნიშვნელოვანი კორექტირება მოუწევს.
წყარო: www.faz.net