Fox news-ის ინფორმაციით, არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი Covid-19 ჩინეთში, უხანის ლაბორატორიაში წარმოიშვა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ როგორც ჩინეთის მცდელობა, რომ მოეხდინა ვირუსების იდენტიფიცირება და მასთან ბრძოლა იმაზე უკეთ, ვიდრე აშშ-ს. ამის შესახებ ტელეკომპანიას რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომელთაც გარკვეულ მასალებზე ჰქონდათ წვდომა.
წყაროები დარწმუნებული არიან, რომ თავდაპირველი ვირუსის გადაცემა იყო ღამურადან ადამიანზე, ხოლო ე.წ. პაციენტი 0 სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში მუშაობდა.
აღნიშნული შეკითხვით Fox News-მა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსაც მიმართა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა: „ჩვენ მეტად და მეტად გვესმის ამის შესახებ... ჩვენ ვიკვლევთ ამ საშინელ ვითარებას“.
მედიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ჩინეთში ხშირად საუბრობდნენ უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში არსებულ არასათანადო უსაფრთხოების ზომებზე. ამის შესახებ გასულ დღეებში „ვაშინგტონ პოსტმაც“ ისაუბრა.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი გასული წლის მიწურულს, ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელდა. ის თავდაპირველად ზღვის პროდუქტების ბაზრის მომუშავე რამდენიმე პირს ერთობლივად დაუდასტურდა. მსოფლიო მედია და პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს პეკინი რეალური ინფორმაციის დამალვაში. მათი თქმით, ვირუსი არა დეკემბერ-იანვარში, არამედ ნოემბერში აღმოაჩინეს და ჩინეთის მთავრობა მის რეალურ მასშტაბსა და სიმძიმეს მალავდა.
ipn.ge