ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსის ფარგლებში „ახალგაზრდების იდეა ფოთს“, დღეს პირველი გამარჯვებული პროექტი განხორციელდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული, ფოთელი რეზერვისტის ოთარ კიკალეიშვილის სახელობის ქუჩაზე, ახალგაზრდების მიერ შემუშავებული ნუმერაციის აბრები გაიკრა, - ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
„აბრების გაკვრა, ფოთში 8 აგვისტოს დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩაზე იგეგმება“ - აცხადებენ ფოთის მერიაში.
ოთარ კიკალეიშვილი 1988 წელს ფოთში დაიბადა. სკოლის დამთავრებისთანავე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა „სოვავტოტრანსჯორჯიაში“.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ის რეზერვისტად გაიწვიეს. ოთარ კიკალეიშვილი სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვისას დაიღუპა. 2008 წელს მიანიჭეს მედალი მხედრული მამაცობისთვის.