საქართველოს ჰონკონგის ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც ჰონკონგის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იუ ხელმძღვანელობს. მათი მიზანია ინიციატივა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში არსებული ბაზრების შესწავლა, ჰონკონგისა და გუანდონგის საწარმოებისთვის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმირება და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან 30-მდე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები საფინანსო, ინფრასტრუქტურის, უძრავი ქონების განვითარების, იურიდიული და სადაზღვევო მომსახურების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ასევე, ტელეკომუნიკაციების სფეროდან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჰონკონგის ბიზნესმენთა დელეგაცია დღეს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობას თბილისის სათავო ოფისში ეწვია. ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსი ოფიცერი თამარ სახეიშვილი ჰონკონგის ბიზნესმენთა წინაშე ფოთის თიზ-ის საპრეზენტაციო მასალით წარდგნენ და სტუმრებს ყველა ის საგადასახადო შეღავათი გააცნეს, რომელსაც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სთავაზობს ინვესტორებს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის უპირატესობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების არსებობაზე ისეთ წამყვან ბაზრებზე, როგორებიცაა: თურქეთი, ევროკავშირის ზონა, ჩინეთი, ჰონკონგი, დსთ-ს ქვეყნები. დავით ებრალიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი ინვესტორთა მხარდაჭერისა და დაცულობისთვის.
ჰონკონგის ბიზნესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ედვარდ იუმ აღნიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობა და რიცხოვნობა თავისთავად მეტყველებს მათ დიდ ინტერესზე საქართველოს საინვესტიციო, ლოგისტიკური და სავაჭრო პოტენციალისადმი. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მათთვის საინტერესო იყო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაძლებლობების გაცნობა. ედვარდ იუმ ფოთის თიზ-ის ხელმძღვანელობა ჰონკონგში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.
ჰონკონგის სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების ბიურო წარმოადგენს ჰონკონგის მთავრობის სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია და ორიენტირებულია როგორც კომერციული საქმიანობისა და საინვესტიციო, ისე მრეწველობისა და ტურიზმის სფეროების განვითარებაზე. ბიუროს ძირითადი ფუნქციაა ჰონკონგის, როგორც წამყვანი საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნესცენტრის, პოზიციის გამყარება და ინვესტიციების მოზიდვა
(NS)