ევროკავშირში ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ეკონომიკური, პოლიტიკური და სამედიცინო კრიზისი მწიფდება.
დაავადებულთა და გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის ფონზე, გაერთიანების ეკონომიკა კვლავ ნაწილობრივ პარალიზებულია, თუმცა, მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ფერხდება. ძირითადად ამაში ევროკომისიას ადანაშაულებენ, თუცა ევროპაში ამ კუთხით შექმნილი ქაოსის მიზეზები უფრო რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ვაქცინის გამოჩენასთან ერთად ევროკომისიამ მოლაპარაკებები დაიწყო მისი შეძენის თაობაზე კავშირის ყველა ქვეყნისთვის. ეს საკმაოდ გონიერი გზა იყო, რადგანაც წინაამღდეგ შემთხვევაში ვაქცინის მისაღებად ევროპულ ქვეყნებს შორის ნამდვილი ცივი ომი დაიწყებოდა.
თუმცა, ასეთი ფართომასშტაბიანი შესყიდვის გამოცდილება ევროკავშირს არ ჰქონდა და ამის სწავლა მოლაპარაკებების პროცესში მოუწია - რაც კარგი იდეა შუა პანდემიის დროს ნამდვილად არაა.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ევროკავშირს გარეთ მყოფმა განვითარებულმა ქვეყნებმა, ისეთებმა როგორც ბრიტანეთი და ისრაელი, ვაქცინის ფასზე ვაჭრობის გარეშე, შედეგს გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწიეს - დღეს ამ ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს.
ევროკავშირი შეცდომების გზით სიარულს კვლავაც განაგრძობს - კერძოდ, ბრიუსელში ვაქცინების ექსპორტის აკრძალვის საკითხი განიხილება, რაც არასწორი გადაწყვეტილება იქნება. მორალური და ჰუმანიტარული მხარის გარდა, ამ შემთხვევაში პრაქტიკულიც არსებობს - ევროკავშირი სამყაროსგან მოწყვეტილი არაა, და თუ კორონავირუსი სხვა ქვეყნებშიც არ დამარცხდა, ინფექციას, და მის მრავალნაირ შტამებს ვინმე აუცილებლად შემოიტანს.
დღეს ევროკავშირს სხვა ამოცანა აქვს - უკვე მიღებული ვაქცინების ეფექტური გამოყენება, და ამ ამოცანას ბრიუსელი ვერ უმკლავდება. 21 დეკემბერს ევროკომისიამ ვაქცინის შემოტანის და მოსახლეობის მასობრივი აცრის პროცესის დასაწყისის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა. თუმცა, ვაქცინაციის ტემპები და მასობრიობა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია.
მაგალითად, დანიამ და მალტამ მიღებული ვაქცინების 100% უკვე გამოიყენეს, მაშინ, როდესაც ბულგარეთმა 11%, ჰოლანდიამ 23%, საფრანგეთმა 49%, გერმანიამ 62%. მთლიანად ევროკავშირში უკვე მიღებული ვაქცინების მხოლოდ 57%-ა გამოყენებული.
მასობრივი ვაქცინაციის დროს შექმნილმა პრობლემებმა დაადასტურა, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, ჰოლანდიაში, არ არსებობს ვაქცინაციის კომპიუტერული აღრიცხვის სისტემა, რაც მოსახლეობის სწრაფ და ეფექტურ აცრას მნიშვნელოვნად აფერხებს. ეჭვგარეშეა რომ დღეს ეს ქვეყნები მწარედ ნანობენ, რომ თავის დროზე ჯანდაცვის სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვაში საკმარისი ფული არ ჩადეს.
ევროკავშირი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ფეთქებადსაშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ვაქცინების დამატებით შესყიდვების გარეშე გაერთიანებული ევროპა ეკონომიკას სწრაფად ვერ აღადგენს. ვაქცინაციის პრობლემებს სწრაფად გადაწყვეტა შეუძლებელია, რადგანაც, ევროპას ყველაფერთან ერთად წამლის წარმოებისთვის საჭირო სიმძლავრეები აკლია.
მაგრამ დღეს პირველ რიგში ევროკავშირმა ყურადღება არა ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შემოტანაზე, არამედ უკვე არსებული მარაგების ეფექტურ გამოყენებას უნდა მიაქციოს. გარდა იმისა, რომ ევროკავშირს მასობრივი და საყოველთაო აცრისთვის ვაქცინების რაოდენობა არ ჰყოფნის, პრობლემა იმაშია, რომ ისიც კი, რაც არის, არაეფექტურად გამოიყენება.
მასობრივ ვაქცინაციას იდეაზე უარი თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამ ამოცანის შესრულება სრულიად რეალურია. დანიამ ეს უკვე გააკეთა, და ევროკავშირში შემავალ საკმაოდ მდიდარი ქვეყნებისთვის ძირითადი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს.
foreignpolicy.com
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ