წინა კვირის პარასკევიდან მსოფლიოს მთავარი ქალაქი არეულობის მოლოდინში იყო. თუმცა, არც არჩევნების დღეს და არც არჩევნების შემდეგ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, იყო გამოსვლებიც, შეტაკებები პოლიციასთან, თუმცა, ლოკალური და უმნიშვნელო.
არადა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ნიუ-იორკი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქალაქს დაემსგავსა. პირველი ნაბიჯი გიგანტურმა სავაჭრო ცენტრმა Macy’s-მა გადადგა, რომელმაც ვიტრინები ფანერის დაფებით დაფარა. შემდეგ მას ქალაქის სავაჭრო და მომსახურების ობიექტების დიდმა ნაწილმა მიბაძა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო დაფარული ვიტრინები მეხუთე ავენიუს ფეშენებელური მაღაზიების კვარტლებში, სადაც დონალდ ტრამპის რეზიდენციასთან დაცვის მიზნით უზარმაზარი სატვირთო მანქანები გამოჩნდა.
ეს ზომები დიდი ხნის მანძილზე მომზადდა, თუმცა, საჭირო არ აღმოჩნდა. ნიუ-იორკში საპროტესტო გამოსვლები დიდი აქტიურობით და ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, არც მაროდიორობის და ძარცვის ფაქტები დაფიქსირდა. მოკლედ, ივნისთან შედარებით, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.
არჩევნების დღეს ნიუ-იორკში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მე-5 ავენიუზე მსვლელობა მოაწყო, მოგვიანებით მათ რამდენიმე ასეული თანამოაზრე შეუერთდა. ავანგარდში ველოსიპედისტები იყვენენ, ფლანგებზე კი - პოლიციელები. არავითარი ექსცესი აქციას არ მოჰყვა. დაპირებული არეულობის მოლოდინში ჟურნალისტები ტაიმს-სკვერისკენ დაიძრნენ, თუმცა, იქაც არაფერი საინტერესო არ დახვდათ, რადგანაც საპროტესტო აქცია ტრამპის მოწიმაამღდეგეებმა დააანონსეს, მაგრამ ტრამპმა წააგო, აქციაც გაუქმდა.
ზოგადად, ნიუ-იორკში ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს ბევრი მომხრე არ ჰყავს - ამერიკის უმსხვილესი ქალაქი - მტკიცედ დემოკრატიულია. ბოლოს ნიუ-იორკმა აშშ-ს რესპუბლიკელ კანდიდატს ხმა 1923 წელს მისცა - ეს იყო პრეზიდენტი კელვინ კულიჯი. დაახლოებით 100 მლნ. ამერიკელმა არჩევნებში მონაწილეობა კენჭისყრის ოფიციალურ დღემდე მიიღო, მათ შორის მილიონი ნიუ-იორკელი იყო.
არჩევნების დღეს ქალაქელებს ბევრი წამახალისებელი ვარიანტი ჰქონდათ - მაგალითად, ხმის მიცემის შემთხვევაში ფასდაკლებები რესტორნებში, ველოსიპედების გაქირავებაში და ტაქსის გამოძახების დროს. ნიუ-იორკელებს არჩევნებზე წასვლას ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დადგმული ჩონჩხიც მოუწოდებდა წარწერით „მე არჩევნებზე არ წავედი და ნახე რა მომივიდა“.
მოგვიანებით ნიუ-იორკში რამდენიმე ხმაურიანი აქცია მაინც ჩატარდა. ქალაქის სხვადასხვა რაიონებში პოლიციელებს ნაგავს ესროდნენ და ქუჩებში კოცონებს ანთებდნენ. პოლიციამ 20 ადამიანი დააპატიმრა, არც თუ ისე მძიმე იყო შედეგი ქალაქისთვის, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მასშტაბური ძარცვის და ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა.
forbes.ru
თენგიზ აბლოთია