ჟურნალმა Forbes-მა დაასახელა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, რომელთა ასაკიც 30 წელს არ აღემატება. პირველ ადგილზე ამერიკელი მოდელი და კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი კაილი ჯენერი აღმოჩნდა.
გამოცემის ცნობით, 22 წლის კაილი ჯენერის ქონება 1 მილიარდ დოლარად ფასდება. გასული წლის ნოემბერში ჯენერმა Kylie Cosmetics-ის აქციების 51% კომპანია Coty-ს 600 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
მეორე და მესამე ადგილზე ნორვეგიელი დები, 23 წლის ალექსანდრა ანდრესენი და 24 წლის კატარინა ანდრესენი იმყოფებიან. დები ნორვეგიული საინვესტიციო კომპანია Ferd-ის 42-42% ფლობენ. ორივე მათგანის ქონება 1,1 მილიარდ დოლარად ფასდება.
შარშანდელ რეიტინგთან შედარებით, საუკეთესო ათეულში პირველად მოხვდნენ ბრაზილიური სამედიცინო კომპანია Diagnosticos da America-ს აღმასრულებელი დირექტორი, 29 წლის პედრუ დე გოდოი ბუენო (1,1 მილიარდი დოლარი), ავტონაწილების მწარმოებელი გერმანული კომპანია Draexlmaier-ის 29 წლის მფლობელი ლიზა დრექსლმაიერი (1 მილიარდი დოლარი) და ფარმაცევტული კომპანია B. Braun-ის მეწილე, 30 წლის თეოდორ ბრაუნი (1 მილიარდი დოლარი).
ამასთან ერთად, რეიტინგში ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი 29 წლის ირლანდიელი ჯონ კოლისონია, რომელმაც ძმასთან, პატრიკ კოლისონთან ერთად გადახდის სისტემა Stripe დააფუძნა. მისი ქონება 3,2 მილიარდ დოლარად ფასდება.
Imedinews.ge