ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ს ქონება ექსპერტებმა 400 მლნ. ფუნტად შეაფასეს. ამ თანხაში ყველაზე დიდი წილი არა მიწებზე, უძრავ ქონებაზე ან ფასიან ქაღალდებზე, არამედ მსოფლიოში საფოსტო მარკების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კოლექციაზე მოდის, ის 100 მლნ. ფუნტი ღირს.
ბოლო წლებში ფართო საზოგადოებამ ბრიტანეთის დინასტიის სიმდიდრეზე და ფუფუნებაზე ადრინდელთან შედარებით გაცილებით მეტი ინფორმაცია მიიღო. ამას ხელი ტელესერიალმა „გვირგვინმა“ და პრინც ჰარის და მისი მეუღლის მეგან მარკლის ინტერვიუს ირგვლივ აგორებულმა აჟიოტაჟმა შეუწყო.
თუმცა, სამეფო ოჯახის ქონების ზუსტი რიცხვის დადგენა დღესაც საკმაოდ რთული ამოცანაა, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და დედოფალს, ისევე, როგორც მის მემკვიდრეებს კონფიდენციალურობის კუთხით მრავალი შეღავათები აქვს. ოფიციალური დოკუმენტები ოჯახის საკუთრების თაობაზე გრიფით „საიდუმლოა“, მათი შინაარსი კი 50-100 წლით დახურულია საზოგადოებისთვის. თუმცა, გაზეთ The Guardian-ის მიმომხილველმა დევიდ მაკლიუემ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული დინასტიის ღირებულების შეფასება სცადა.
ბრიტანეთის მთავრობა სამეფო ოჯახის შენახვაზე წელიწადში 50 მლნ. ფუნტს გამოჰყოფს, რაც ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს. მათ შორის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დააფინანსოს სამეფო ოჯახი რომელსაც საკუთარი სერიოზული შემოსავლები გააჩნია.
ქონებაში შედის ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთები ლონდონის ცენტრში, რომლებისგანაც ელისაბედ II წელიწადში 21 მლნ. ფუნტის მოგებას იღებს. ასევე დაახლოებით ანალოგიური ტიპის საკუთრებას მისი შვილი, პრინცი ჩარლზი ფლობს. ეს არის დედოფლის და მისი შვილის საბაზო შემოსავლის წყარო, გარდა ამისა ამ საბაზო შემოსავლის წყალობით მიღებული კაპიტალების წარმატებული ინვესტირება სხვადასხვა აქტივებში კიდევ დამატებითი შემოსავალია. რა თქმა უნდა, ეს მოგება ბევრ ადამიანს ხმარდება, მაგალითად, ოჯახის სხვა წევრებს, თუმცა ინვესტიციებისგან მიღებული მოგებაც საკმაოდ სერიოზულია.
როდესაც საუბარია დედოფლის და ზოგადად დინასტიის შემოსავლებზე, ამ მაჩვენებელში არამატერიალური აქტივები არ შედის, ისეთები, როგორც, მაგალითად, ბრენდი, ან ოჯახის და მისი წევრების ცნობადობა. აქტივების ჩამონათვალში არც მრავალრიცხოვანი ძვირადღირებული საჩუქრებია, რომლებსაც დედოფალიც და მისი ოჯახის წევრებიც, რეგულარულად იღებენ.
ელისაბედ II ასევე საფოსტო მარკების 100 მლნ. ფუნტად შეფასებულ კოლექციას ფლობს, რომლის შეგროვებაც მამამისმა, მეფე გეორგმა დაიწყო. ის ძალიან აქტიური ფილატელისტი იყო, მაგალითად, 1904 წელს მაშინდელმა ბრიტანეთის მეფემ 140 ფუნტად მავრიკის კუნძულზე გამოშვებული მარკა შეიძინა, რომელიც დღეს 2 მლნ. დოლარი ღირს.
დინასტია ასევე 10-11 მლნ. ფუნტის ღირებულების ფერწერის შედევრების კოლექციას ფლობს.
სამეფო ოჯახის ქონების შეფასებას ართულებს ის, რომ ძნელი დასადგენია, რას ფლობს თავად დედოფალი პიროვნულად, რა ეკუთვნის მონარქიას, როგორც ინსტიტუტს და რა არის სახელმწიფო საკუთრება. ასევე პრობლემურია სასახლეების სტატუსიც, რომელთა რესტავრირება სახელმწიფოს ხარჯზე ხდება. ეს და მრავალი სხვა ფაქტორი რეალურ შეფასებას ართულებს, თუმცა ექსპერტთა ერთიანი აზრით დედოფლის პირადი ქონება 400 მლნ. ფუნტია.
forbes.ru
თენგიზ აბლოთია