„წელს ფინტეკ ჰაკათონში 21 გუნდის აკუმულირება მოხდა, აქედან 9 მათგანმა რეალური პროტოტიპის შექმნა შეძლო და გამარჯვებულად 3 ინოვაციური პროექტი გამოვლინდა“, განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ფინტეკ ჰაკატონის ორგანიზატორმა ლიზა სტეფანიშვილმა.
„ჰაკატონი ფინტეკ დარგში პრობლემების ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ემსახურება და მისი მიზანი ფინანსური ტექნოლოგიების ცნობადობის გაზრდაა. წელს კონკურსში რამდენიმე უნივერსიტეტის გუნდი იყო ჩართული. ზოგადად ვთვლი, რომ ტექნოლოგიები, როგორც ფინანსურ სექტორში, ისე არაფინანსურ სექტორში ძალიან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს საგანმანათლებლო სექტორთან. ჩვენი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდა თაობაში ამ დარგის ცნობადობა აგვემაღლებინა,“ განაცხადა ლიზა სტეფანიშვილმა.
პროექტის ორგანიზატორის თქმით, ფინტეკ ჰაკატონი ითვალისწინებდა, რომ საქართველოს ფინტეკ-ასოციაციის წევრი ფინტეკ-კომპანიებისთვის მიგვეწოდებინა გამარჯვებულების ნამუშევრები და ამ ტექნიკური სამუშაოების იმპლემენტირება მათ სამუშაო პროცესში მომხდარიყო, რადგან დავალებები ამ კომპანიების მიერ იყო მოცემული.
პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული ნიკოლოზ ბრეგვაძე (ნიკი) გახდა. დავალება, რომელიც მისმა გუნდმა შეასრულა მიკროსაფინანსო და ავტოსესხის მიერ იყო მოწოდებული და მანქანის შეფასებას, ადგილზე მისვლის გარეშე, ციფრული არხებით ითვალისწინებდა.
„პირველად შეფასებას, ჩვენს პლატფორმაზე, ავტომატურად Myauto-ს მონაცემებზე დაყრდნობით - კილომეტრაჟის, წელის, მოდელისა და მარკის მიხედვით ვახდენთ. საჭიროების შემთხვევაში, მიკროსაფინანსოს თავისი ექსპერტების ჩართვა და უფრო დეტალური და ზუსტი შეფასების მოცემა შეუძლია“, განაცხადა ნიკოლოზ ბრეგვაძემ.
ლიზა სტეფანიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის ჰაკატონები ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარს ასტიმულირებს და უახლოეს მომავალში შეიძლება არა ჰაკატონი, არამედ სხვა პროექტი დაიგეგმოს და კონკურსიც მალე გამოცხადდება.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა