ფინეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სააგენტო THL-მა ახალგაზრდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეკლამო კამპანია დაიწყო. ფინეთის სამაუწყებლო კომპანია „ილის“ ინფორმაციით, სააგენტომ შესაბამისი რეკლამა გაცნობის პოპულარულ აპლიკაცია Tinder-ზეც განათავსა.
კამპანიის მთავარი მიზეზი ის არის, რომ 40 წლამდე მცხოვრებთა შორის ვაქცინირების სურვილი დაბალია. 20-დან 40 წლამდე ფინელების, დაახლოებით, მეოთხედი ვაქცინირებული საერთოდ არ არის. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის მაჩვენებელი, ზაფხულიდან მოყოლებული, უკიდურესად დაბალი ტემპით იზრდება.
„30-დან 39 წლამდე არავაქცინირებულ ადამიანებს შორის კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა 2-4%-ია,“ - აცხადებს THL-ის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიკა სალმინენი.
ფინეთის მთავრობამ კარანტინი ვაქცინაციის 80-85 %-იანი მაჩვენებლის გამო გააუქმა. ორივე დოზით მოსახლეობის 72% არის აცრილი.
ამასთან, ფინეთი არის პირველი ქვეყანა ევროპაში, რომლის სურსათის უწყებამ ბეწვის სელექციონერთა კავშირ FIFUR-ზე კორონავირუსის ვაქცინის წაულაზე გამოყენების ნებართვა გასცა. ვაქცინა ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა.
bpn.ge