„მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის კომენტირებისას აღნიშნა, რომ C ჰეპატიტით ინფიცირებულები ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ და მისი ვარაუდით, აუდიტის სამსახურმა, „ვიკიპედიაში“ ნანახი ფასები აიღო“ - ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ფინანსური აუდიტი, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად წარიმართა.
„ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება- 560,645,083 ლარი - ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება.
უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს.” - განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.