მცირე მეწარმეების წარმომადგენლები პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის საკითხს დააყენებენ. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისთვის მცირე ბიზნესის პრობლემებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ სამომავლოდ მათთან შეხვედრასაც გეგმავს. როდის იგეგმება აღნიშნული შეხვედრა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის აპარატში ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
როგორც აღმოჩნდა, არც თავად მცირე მეწარმეებისთვისაა ცნობილი პრემიერთან შესაძლო შეხვედრის შესახებ. რაც შეეხება იმას, რა საკითხების დაყენებას გეგმავენ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნულ შეხვედრაზე, „კომერსანტის" მიერ გამოკითხული მეწარმეები აცხაებენ, რომ მათთვის ყველაზე დიდი სირთულე ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემაა, შესაბამისად, კარგი იქნება, თუ პრემიერმინისტრი მათ თხოვნას გაითვალისწინებს და ქვეყანაში ამ მხრივ რამე შეიცვლება.
თაფლის მწარმოებელი კომპანია შპს „აგროაპის" ხელმძღვანელი იაკობ ლომსაძე აცხადებს, რომ მისთვის არ არის ცნობილი თუ როდის იქნება პრემიერმინისტრთან შეხვედრა, თუმცა ამბობს, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელსაც მთავრობის მეთაურთან განხილვას ისურვებდა. მათ შორის ყველაზე მთავარია ფინანსების მოძიების პრობლემა. ლომსაძე აცხადებს, რომ როდესაც გამართული წარმოებაა, მათზე სესხების გაცემა იოლია, ხოლო როდესაც საქმე ეხება სტარტაპების დაფინანსებას, ასეთ დროს საქმე რთულადაა.
ლომსაძის განცხადებით, კომპანიამ შეძლო და გურჯაანში თაფლის ქარხანა აამუშავა, თუმცა მას გაფართოება სჭირდება. „ჩვენი თავისთვის რომ ვიმუშაოთ, გამოდის, მაგრამ თუ გვინდა რეგიონი მაინც რომ მოვიცვათ, ამას ფინანსური სახსრები და სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სჭირდება," - აცხადებს ლომსაძე.
ახალციხეში მდებარე მესაქონლეობის ფერმა „წირის მერძევეების" ხელმძღვანელი ლუდვიგ პეტროსიანი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრის შესახებ, თუმცა, ერთადერთი პრობლემა, რომელიც მის ფერმას აქვს, აზერბაიჯანთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობაა. პეტროსიანი აცხადებს, რომ მას ფერმაში 36 სული ძროხა ჰყავს და ხორცს ცოცხლად ყიდის. მისი განცხადებით, საქონლის ხორცის მისთვის ბევრად მომგებიანი იქნება ხორცის აზერბაიჯანში გაყიდვა, თუმცა, საბაჟოზე არსებული პრობლემების გამო, საქონელი მეზობელ ქვეყანაში ვერ გადაჰყავს.
ასპინძის რაიონში მდებარე ფერმის ხელმძღვანელი ნიკოლოზ დავითაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი და ძირითადი პრობლემა, რაც მცირე მეწარმეებში დგას, ეს ფინანსურ რესურსზე დაბალი ხელმისაწვდომობაა. მისი თქმით, ბანკები ძალიან რთულად იძლევიან სესხებს, ითხოვენ არსებული, მსხვილი ბიზნესმენების თავდებში ჩადგომას, რაც არარეალურია.
სასტუმრო "ტერასას" დამფუძნებელი მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში მცირე მეწარმეების ბიუროკრატიული ტიპის და ფინანსების მოძიების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება მათ ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
სასათბურე მეურნეობა „ნექტარის" ხელმძღვანელი ნინა პეტროვა საქმის კურსში არ არის პრემიერთან შესაძლო ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, თუ ეს დაიგეგმება და მასაც მიიწვევენ, პრობლემებზე და აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ. შეხვედრის თარიღის დადგენამდე კი ის კონკრეტულ თემებზე არ საუბრობს.
ანალოგიურს ამბობს თელავში მდებარე სასტუმრო „მარგალიტის" დამფუძნებელი გიორგი გიორგაძეც.
შეგახსენებთ, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერთან 16 თებერვლის შეხვედრაზე ისაუბრეს საგადასახადო რეფორმაზე, ბიუროკრატიულ რეფორმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებასა და სხვა პროექტებზე. სწორედ ამ შეხვედრაზე დააანონსა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.