2019 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც შტატგარეშე, ისე შტატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას შორის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საპასუხოდ განაცხადა.
„ნაციონალური მორაობის“ წევრების თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, რადგან ისინი სხვადასხვა უწყებაში შტატგარეშე თანამშრომლებად ნაწილდებიან.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ივლისში ამოქმედებულმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონმა, მკაფიოდ განსაზღვრა ვინ უნდა ყოფილიყო შტატიანი და ვინ შტატგარეშე თანამშრომელი. შესაბამისად, 2017-2018 წლების ბიუჯეტებში სრულად აისახა ის ცვლილებები, რასაც მოითხოვდა კანონი.
„დიდი ცვლილება ჯამურ მოცულობებში ნამდვილად არ არის. მით უფრო, არაა საუბარი ათი ათასობით ადამიანზე. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ „საქონლისა და მომსახურების“ მუხლის დინამიკას - 2017 წელს დაიხარჯა მილიარდ 248 მილიონი ლარი, 2018 წლის გეგმა არის მილიარდ 201 მილიონი ლარი, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, გათვალისწინებულია მილიარდ 193 მილიონ ლარი. თუ „შრომის ანაზღაურების მუხლიდან“ ეს თანხები„საქონლისა და მომსახურების“ მუხლში გადავიტანეთ, მისი მოცულობა ლოგიკურად უნდა გაზრდილიყო, თუმცა თუ შეხედავთ რიცხვებს, დაახლოებით, 100 მლნ ლარამდე არის შემცირებული შრომის ანაზღაურებაზე მიმართული სახსრები. თქვენთან ყოველთვიურად იგზავნება ხაზინის ანგარიში, სადაც დეტალურად, თვეების მიხედვით ჩანს თუ რომელ მუხლში, რა თანხაა დახარჯული, მათ შორის, „საქონელისა და მომსახურების“ ნაწილში. შესაბამისად, ნახავთ, რამდენად შეიცვალა2017 წლის პირველი ივლისის შემდეგ როგორც შრომის ანაზღაურების, ისე შტატგარეშეთა ანაზღაურების ნაწილში თანხების გაცემა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აქ რადიკალური, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, ვინაიდან ნაწილი შტატგარეშე პოზიციიდან გადავიდა შტატში, ხოლო ნაწილი შტატიდან გადავიდა შტატგარეშე პოზიციაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია უკვე განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგები.