Facebook-მა ონლაინ ვაჭრობის საკუთარი პლატფორმა Facebook Shops წარადგინა. ეს სერვისი Amazon-ის და eBay-ის პირდაპირი კონკურენტია და გამყიდველებს Facebook-ში და Instagram-ში სავაჭრო დახლების შექმნის საშუალებას აძლევს.
მომავალში სოციალური ქსელი ასევე WhatsApp-ით და საკუთარი მესენჯერებით საქონლის გაყიდვის სისტემას დანერგავს.
Facebook-ის მენეჯმენტის წარმომადგენელთა თქმით, ახალი სერვისი სხვადასხვა სიდიდის კომპანიებზეა გათვლილი - მცირე ბიზნესიდან საერთაშორისო ბრენდებამდე.
პლატფორმა ხელმისაწვდომი უახლოეს თვეებში გახდება. Facebook-ის ინიციატივა Amazon-ისთვის დიდი გამოწვევა იქნება, რადგანაც სოციალურ ქსელს 2,6 მლრდ. მომხმარებელი ჰყავს და მათი ნაწილი შესაძლოა მყიდველიც გახდეს.
მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის Amazon-ის გამოცდილების კოპირებას არ ცდილობს და ისეთ სერვისებთან როგორც Shopify ითანამშრომლებს - ეს კომპანია მცირე ბიზნესს ონლაინ-გაყიდვების ორგანიზებაში ეხმარება, და ასევე ანალიტიკის და სწრაფი გადახდების ბაზარზე მუშაობს.
მომავალში Facebook Shops შესაძლოა კვების მიტანის სერვისების კონკურენტიც გახდეს - ცუკრებერგის თქმით, „პლატფორმაზე მიტანის სერვისების და რესტორნების შეთავაზების განთავსებაც კარგი იქნებოდა“. ახალი სერვისის პრიორიტეტი მდიდარი ქვეყნები, პირველ რიგში აშშ და დასავლეთ ევროპა იქნება, რადგანაც იქ კომპანიის გამყიდველების შესახებ ინფორმაციის დეტალური შესწავლის რესურსები გააჩნია.
მისი თქმით, მომავალში გამყიდვლების შეფასების სისტემაც შეიქმნება.
„ჩვენ ახალი სერვისის ამუშავება კორონავირუსის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის ბუმის გამო დავაჩქარეთ. ჩვენ სოციალური ქსელის მომხმარებელთა მონაცემებს რეკლამის გაუმჯობესების და მომსახურეობის უფრო ძვირად გაყიდვისთვის გამოვიყენებთ“ - განცხადა Facebook-ის დამაარსებელმა.
ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ სოციალურ ქსელს მრავალფუნქციური სუპერ-სერვისის შექმნის საშუალებებიც და სავარაუდოდ, გეგმებიც აქვს.
თენგიზ აბლოთია