„ფეისბუქმა“ რუსული „რაშა თუდეი“ და ჩინური „სისიტივი“ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიად მონიშნა.
მანამდე „ფეისბუქში“ განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებების მონიშვნას იწყებენ. ამის შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელის ვებგვერდზეა ნათქვამი.
„ჩვენ გვინდა, უკეთ გავაგებინოთ ხალხს, ვინ დგას ამა თუ იმ ახალი ამბის უკან, რომელსაც ისინი „ფეისბუქზე“ კითხულობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური ქსელის მესვეურთა თქმით, გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მონიშვნისას მოხდება მათი კლასიფიკაცია. კერძოდ, „ფეისბუქის“ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მედიასაშუალებებს დაყოფენ ორ ჯგუფად – მედია, რომელიც ნაწილობრივ კონტროლდება და რომელსაც სრულად აკონტროლებს სახელმწიფო.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ პუბლიკაცია, რომელსაც ისინი კითხულობენ, სახელმწიფოს ზეგავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალება ავრცელებს“, – ნათქვამია სოციალური ქსელის ვებგვერდზე.
ასევე, „ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ასევე მონიშნავენ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ გავრცელებულ დაფინანსებულ პუბლიკაციებსაც.
1tv.ge