ფასები კიდევ გაიზრდება, ქვეყანაში ყველაზე რთული პერიოდი იწყება

ფასები კიდევ გაიზრდება, ქვეყანაში ყველაზე რთული პერიოდი იწყება

access_time2019-11-20 20:45:59

საქართველოს მოსახლეობას, 7%-იანი ინფლაციის პირობებში, ცხოვრება გაუძვირდა. ზამთრის წინ მოსახლეობა მზადებას იწყებს იმ წნეხისთვის, რაც იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში უნდა განიცადონ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ზამთარიც უფრო რთულად გადასატანია.  წელს მოსახლეობას ურთულესი თვეების გადატანა მოუწევს.

 

პროდუქტის დეფიციტის პრობლემა დეკემბერ-იანვარში ნაკლებადაა, რადგან ამ დროს ქვეყანაში ადგილობრივი ნაწარმი ხელმისაწვდომია, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით თებერვალსა და მარტზე, როცა განსაკუთრებით მკვეთრად იმატებს იმპორტი. სწორედ მაშინ ინფლაციის წნეხს თითოეული ადამიანი  ყველაზე მეტად გრძნობს.

 

საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. მოსახლეობის ისეთი ფენისთვის, რომლებიც დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ ან საერთოდ არ მუშაობენ, მნიშვნელოვანია თითოეული ლარის ისე გახარჯვა, რომ თვიდან თვემდე თავის გატანა შეძლონ. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ინფლაციამ  თითქმის ყველა სახის პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასის მატება გამოიწვია. გაძვირებული ცხოვრების პირობებში მოსახლეობა, ძირითადად, პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით შემოიფარგლება და სხვა მიმართულებით თანხას ვეღარ ხარჯავენ.

 

ქუთაისში მცხოვრები 23 წლის ელენე ხარაბაძე ამბობს, რომ ყველაფერი გაძვირდა ხელფასი კი იგივე რჩება. თუკი ადრე რაიმე შენაძენის გაკეთებისას 10- 15 ლარი საკმარისი იყო,  ახლა 20- 25 ლარია საჭირო.

 

„ამჟამინდელი ფასი ნამდვილად მაღალია. ადრე თუ დღეში 10-15 ლარი მჭირდებოდა რაიმეს საყიდლად, ახლა 20-25 ლარია საჭირო. საკვები, წამლები ყველაფრის ფასი გაორმაგებულია, ხელფასი კი ისევ ის არის, რაც მანამდე. თუ ვინმეს შემოსავალი გაეზარდა, შედეგი მაინც ნულია, რადგან ფული ისევ საარსებოდ მნიშვნელოვან რაღაცებში ეხარჯება. ადრე თუ შეიძლებოდა ყოველ კვირას სალონში მოვწესრიგებულიყავი, ახლა თვეში ერთხელ ან ორჯერ ძლივს ვახერხებ", - განუცხადა ელენე ხარაბაძემ.

 

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად იქონია გავლენა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.9% - ით გაიზარდა. ცალკეული სასაქონლო ჯგუფის მიხედვით მდგომარეობა ასეთია: რძის ნაწარმი 16 %-ით გაძვირდა, ხორცი -  14,7%-ით, პური - 11%-ით, თამბაქო კი - 26%-ით.

 

არსებული რეალობის წინაშე ყველაზე დიდ საფრთხეში ის ადამიანები არიან, რომლებიც  მხოლოდ პენსიისა და სოციალური დახმარების ხარჯზე ცხოვრობენ ან თუნდაც ძალიან დაბალი შემოსავლი აქვთ. მათი ყოველი დღე იწყება საკვები პროდუქტის, წამლების, თვიდან თვემდე დასაფარი კომუნალური გადასახადის დაზოგვით და რეალურად მათი შემოსავალიც მეტი არაფრისთვის არის საკმარისი.

 

პენსიონერისა და აწ უკვე ემიგრანტის ნანა ქურდაძის შეხედულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ასეთია:

 

"ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკის განვითარების გზები, სხვა უფრო მნიშვნელოვან გეგმაზე ოცნებაც არ შეიძლება. არადა, სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო ყველა მთავრობის პირველი დღე. როცა ადამიანთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა და წარმოდგენა არა გაქვს რა რესურსებით არსებობს შენი ქვეყანა, ამ დროს დღითი დღე ფასები იზრდება ყველა მიმართულებით.


 

დღევანდელი სიძვირის გამოისობით ელემენტარული არსებობის საშუალებაც კი არ აქვს მოსახლეობას. ცხადია, ჩემზეც ნეგატიურად აისახა ეს ყოველივე, მიზერული პენსიით თავის გატანა, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. ამიტომ 69 წლის ასაკში მივიღე მტკიცე, მაგრამ სარისკო გადაწყვეტილება და წავედი საზღვარგარეთ სამუშაოდ, რათა ოჯახს შევხიდებოდი. აქ კიდევ რისი ატანა და გადატანა გვიხდება,  ეს კიდევ სხვა თემაა", - აღნიშნა  ნანა ქურდაძემ.

 

ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების გამო სამომხმარებლო კალათაში საკვების წილი იზრდება, სხვა დანარჩენი კი ინდივიდუალური პრიორიტეტებიდან გამომდინარე, იკლებს. უმეტესობა აღნიშნავს, რომ ფასების მატება თვალში საცემია ყოველმხრივ და ვარაუდობენ, რომ ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა შეიქმნება.

 

24 წლის, დასაქმებული და საშუალოზე მაღალი ანაზღაურების მქონე ახალგაზრდა ირაკლი მაკასარაშვილის შეხედულებით, საქართველო ზამთარში განსაკუთრებით დგება მასობრივი  სიძვირის წინაშე, რის გამოც დოლართან მიმართებით დღითი დღე ქედს ვიხრით.

 

„რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ნებისმიერი პროდუქტისა და სერვისის ფასი მაღალია საშუალო შემოსავლებთან შედარებით. დინამიკაში რომ წარმოვიდგინოთ, ყველა ასპექტში ანაზღაურების ხაზი ხარჯების ხაზის ქვეშ გადის. რამდენადაც იზრდება შემოსავლები, იმდენად იმატებს ფასიც და ბუნებრივია, ცხოვრებაც გაძვირდა. გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, დღითი დღე დოლართან მიმართებაშიც ქედს ვიხრით.

 

საშუალოზე მაღალი ხელფასი მაქვს და თითქმის სრულად მყოფნის ყველაფერში. დანაზოგსაც კი ჩავუყარე საფუძველი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ შემოსავალზე მხოლოდ მე ვარ დამოკიდებული და ოჯახის პირველადი მოხმარების ხარჯებს ნებაყოფლობით ვიღებ საკუთარ თავზე. მე რომ უფრო მეტი ვალდებულება მეკისრებოდეს ოჯახში, ალბათ საკმაოდ ბევრ რამეზე მომიწევდა უარის თქმა“, - განაცხადა ირაკლი მაკასარაშვილმა.

 

ხალხთან ერთად, სპეციალისტებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მათი აზრით, არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად ფიქსირებული შემოსავლის მქონე  კატეგორიას დააზარალებს, რადგან ხარჯების მეტი წილი უკვე მკვეთრად გაძვირებულ სასურსათო პროდუქტზე გადანაწილდებს და სხვა ღირებულს ვეღარაფერს შეიძენენ. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოწყვლადი ფენის მიმართ განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

 

„ამჟამინდელი ინფლაციის თავისებურება იმაშია, რომ ადგილი აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ აგფლაციას, ანუ ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სასურსათო, აგრარული წარმოების საქონელზე. აქ ორნიშნა ზრდას აქვს ადგილი, დაწყებული ნიორიდან, დამთავრებული საქონლის ხორცითა და პურპროდუქტებით. ამიტომ ეს ყოველივე უპირველესად დარტყმას აყენებს, რა თქმა უნდა, დაბალი და ფიქსირებული შემოსავლის მქონე მოსახლეობას.

 

სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ მაღალია საშემოსავლო  დიფერენცირება. თუ მოსახლეობას 10 თანაბარ ჯგუფად დავყობთ, განსხვავების კოეფიციენტი  ყველაზე მდიდარ 10%-სა და ყველაზე ღარიბ 10%-ს შორის დაახლოებით 17-18-ჯერადია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება დასაშვებ ზღვრულ ნორმას. პენსიონერთა საკმაოდ დიდი ნაწილი (93%) ოჯახების სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს და სარგებლობენ ერთობლივი დოვლათის შიდა ოჯახური გადანაწილებით. მათ რომ ოჯახის წევრებიდან დახმარება არ ჰქონდეთ, სიტუაცია გაცილებით დრამატული იქნებოდა.

 

ჩვენ არა მარტო საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ჯგუფი გადასული ქვეყანა ვართ, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოც. შესაბამისად, ხელისუფლების პოლიტიკა სოციალური მხარდაჭერის თანადგომისა და სოლიდარობის ნიშნით პრიორიტეტული უნდა იყოს“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

 

ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას შეხედულებით ლარის გაუფასურება და ინფლაცია ერთმანეთთან უკვე მჭიდრო კავშირშია.

 

„ეს განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებზე  აისახა. ლარის გაუფასურება თუ კიდევ გაგრძელდა, ცხადია, ენერგოტარიფებსაც გაგვიძვირებს და საბოლოოდ კომუნალურ გადასახადებზეც აისახება. მთავარი საფრთხე მოდის სურსათისა და ჯანდაცვის ჯგუფიდან, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. როცა ჯანდაცვის ჯგუფზე იზრდება ხოლმე მოთხოვნა და იქ გაძვირებული ფასები ხვდებათ ადამიანებს, ცხადია ეს უარყოფითადაც აისახება. ლარის კურსის გაუფასურება და ინფლაცია ერთმანეთთან უკვე მჭიდრო კავშირშია იმიტომ, რომ იმპორტულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებულნი", - აღნიშნა მაკალათიამ.

 

საშუალო ფენის გაძლიერების პროცესი, არსებული ინფლაციის პირობებში, მიუღწეველი ხდება. თუმცა კატასტროფა არ გვემუქრება, - ასეთია სტატისტიკოს გივი მომცელიძის პროგნოზი, რომლის აზრითაც ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენა ვერადავერ ჩამოყალიბდა.

 

„კატასტროფა ნამდვილად არ დაგვემუქრება, მაგრამ მუდმივად რთულ სოციალურ პირობებში ყოფნა, საშუალო ფენის გაძლიერებას ხელს შეუშლის, რაც ჩვენს ოცნებადაა ქცეული. სოციალური ფონის დამძიმება უფრო მეტ ადამიანს გადაისვრის სიღარიბეში. ჩვენ ისეთი რაღაცები გვაქვს გამოვლილი 1990-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში, რომ კატასტროფული და კოლაფსური ვითარება არ შეიქმნება. მე პირადად მომხრე ვარ, რომ ვისაც  სერიოზულად უჭირს, მათ მიმართ მაქსიმალურად დაწესდეს რამე შეღავათები, თუნდაც ფულადი დახმარებებიც. ოღონდ სერიოზულად უნდა იყოს გამოკვლეული ვის სჭირდება დახმარება. რეალურად ვისაც უჭირს იმას უნდა დაეხმარონ“ , - აღნიშნა  გივი მომცელიძემ.

 

წყარო: რეზონანსი





სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...


მსგავსი სიახლეები

up