ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში მყარდება. წესით, ნორმალური ეკონომიკის პირობებში, ფასების კლების ტენდენცია უკვე უნდა გამოიკვეთოს, მაგრამ ბიზნესი არ ჩქარობს. მეტიც, ,,კომერსანტთან“ ბიზნესმენთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ლარს არ ენდობიან და არ გამორიცხავს, სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალოს და ლარის კურსმა გეზი გაუფასურებისკენ აიღოს.
კურსის გამყარების ერთ-ერთი ვერსია - დოლარის შესუსტება — საკმარის არგუმენტად მიაჩნია ავეჯის მწარმოებელი კომპანია Geo house-ის ხელმძღვანელს პაატა რაჭველიშვილს, რომლის ვარაუდითაც, კურსის გარდა რამდენიმე ფაქტორია, რის გამოც ფასების კლება შექმნილ სიტუაციაში დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
„როგორი პატრიოტიც არ უნდა ვიყოთ, ბიზნესი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ გვპატიობს. ბევრი რისკია, რის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ლარის მიმართ ნდობა არის საკმაოდ დაბალი, არაერთხელ გვინახავს ანალოგიური, რომ ეროვნული ვალუტა იწყებს დასტაბილურებას და შემდეგ კრიტიკულ ნიშნულს უბრუნდება. მოცემულ სიტუაციაში, ლარი კი არ მყარდება, დოლარი სუსტდება და ამის გავლენით შეიცვალა სავალუტო ბაზარზე ვითარება. დღეს რომელიმე პროდუქტის გაიაფება დიდ რისკს უკავშირდება. ერთის მხრივ, მყარდება კურსი, მაგრამ პარალელურად ძვირდება იმპორტიც, ფასები ყველაფერზე მატულობს. ჩვენ ნედლეული ევროპიდან შემოგვაქვს. მცირე შეღავათიც კი ლარის კურსის გამო ნედლეულის შესყიდვისას არ მიგრძვნია. საწვავის არ იაფდება, დოლარი სუსტდება, მაგრამ ლარში პროდუქტის ღირებულება კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ პაატა რაჭველიშვილი.
ბიზნესმენის ინფორმაციით, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გამო ნედლეული დაახლოებით 30-40%-ით გაძვირდა, რამაც გარკვეული დონით გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც იქონია.
,,ჩვენ თავის დროზე მოვახდინეთ ინვესტიციები, როცა სიტუაცია ჯერ კიდევ სტაბილური იყო, დანადგარები ჩამოვიტანეთ ევროპიდან, პანდემიასაც მეტნაკლებად მყარად შევხვდით. ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანეთ და წარმოება სრულად დავტვირთეთ. ხელოსნების ახალი ჯგუფი დავაკომპლექტეთ, სპეციალისტების დეფიციტის გამო ზოგს გადამზადება დასჭირდა, დასაქმებულებს ამ მხრივაც ვეხმარებით. ამ ეტაპზე კურსი გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად არ გაძვირდეს წარმოებული პროდუქცია, მცირე ცვლილება, დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში მოსალოდნელია, ესეც კომპანიის მოგების შემცირების ხარჯზე, გლობალურად რთული სიტუაციაა ძვირი ლოგისტიკის გამო და არც ლარის მიმართ არის მაინც და მაინც მაღალი ნდობა, სავალუტო ბაზრის მოცემულობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს“, - ამბობს პაატა რაჭველიშვილი.
ცნობისთვის, Geo house-ის სერვისი ძირითადად ინდივიდუალურ შეკვეთებს მოიცავს. ნამუშევრების უდიდესი ნაწილი - კარები და ავეჯის უმეტესობა, ექსკლუზიურად იქმნება და არ მეორდება.
რაც შეეხება ფასებს, კარების შემთხვევაში, 600-700 ლარიდან იწყება. ხოლო 1 კვ/მ ავეჯის დამზადების საწყისი ფასი 500 ლარია და ნაკეთობის ხარისხის და სამუშაოს სირთულის შესაბამისად მატულობს.
კომპანია ფლობს შოურუმს თბილისში, ასევე ხის საამქროს გარდაბანში, სადაც 65-მდე ადამიანია დასაქმებული.
რაც შეეხება ლარის კურსს, 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.31 თეთრით 2.9331-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 2.9213 შეადგინა.
მარი ჩიტაია