,,იმედის კლინიკის“ დირექტორი, პროფესორი დავით კობეშავიძე ფარმაცევტულ კომპანიებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ შექმნილი ვითარებით ბოროტად არ ისარგებლონ. კლინიკების ხელმძღვანელებს კი ფარმაცევტული კომპანიების მიერ გაძვირებული მედიკამენტების წინააღმდეგ გაერთიანებასა და ხმის ამოღებას ურჩევს.
“ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ საფასო პოლიტიკას ვაკრიტიკებ. აუცილებელია კლინიკების ხელმძღვანელები ამ უმსგავსობის წინააღმდეგ გავერთიადეთ, საგანგებო ვითარების დროს, როდესაც ქვეყანას უჭირს ყველამ უნდა მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილებები.როდესაც ქვეყნის ყოფნა არ ყოფნაზეა საუბარი და ჩემი კოლეგები სიცოცხლის ფასად ყოველდღე უმძიმეს ვითარებაში მუშაობენ, არ შეიძლება ვიღაცამ ამ სიტუაციით ხელი მოითბოს.
სანამ საგანგებო მდგომარეობაა „იმედის კლინიკა“ 30%-იანი ფასდაკლებით ემსახურება პაციენტებს და ეს ფასდაკლება ყველა ვიზიტს ეხება.“-ამბობს დავით კობეშავიძე.
მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ ლარი გაუფასურდა არ შეიძლება,რადგან ლარი რომ 10% უფასურდება, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებს 40%-ით აძვირებენ.
„დღეს სახელმწიფოს უნდა დავუდგეთ მხარში, წამყვანი ქვეყნები ვერ ახერხებენ იმას,რაც დღეს ჩვენ შევძელით, ყველა სექტორის დახმარებით და შიგნიდან ნუ ჩამოვანგრევთ და ჩამოვშლით ამ წინსვლას.
მე მოვუწოდებ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებსაც დროის არცერთ მონაკვეთში წაგებაზე არ უმუშავიათ, გამოიჩინონ გულისხმიერება და ასეთ მომენტში ნუ გადაუვლიან მოსახლეობას და სახელმწიფოს.
მათი გაძვირებული ფასები მოქმედებს კლინიკებზეც და ჩვენც გვიწევს შევცვალოთ საფასო პოლიტიკა რისი შეცვლაც ამ საგანგებო მდგომარეობის დროს არ გვინდა,რადგან მოსახლეობა ისედაც რთულ დღეშია.“-ამბობს დავით კობეშავიძე.
„იმედის კლინიკის“ დირექტორის თქმით,სააფთიაქო ქსელების საბაზრო პოლიტიკაში არ ერევა და მათგან არც მუდმივ შეღავათს ითხოვს. თუმცა, მათგან ფასების გადახედვა, ქვეყანაში საგანგებო ვითარების ამოწურვამდე, გონივრულად მიაჩნია.
„21 აპრილამდე გააკეთონ ეს შეღავათი, ეს პერიოდი მათ არანაირ უკუსვლას არ მოუტანს, არც კი დაეტყობათ ფინანსურად.ეს არ არის საბოტაჟი, ახლა ის დრო მოვიდა ჩვენს ნაკლზე რომ ვისაუბროთ და ყველანი დავდგეთ ერთად.რამდენიმე კლინიკის ხელმძღავანელი უერთდება ჩემს მოთხოვნას, შევიკრიბებით მოვიწვევთ ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს და პუნქტობრივად გავივლით ყველაფერს, იქნებ საერთო ენა გამოვნახოთ.
ასეთ პირობებში რომ მასალები გვიძვირდება არ შეიძლება, რაღაც ზღვარი არსებობს. მგონი ლარის გაუფასურებას მათი პროდუქციის გაძვირება ასწრებს ყოველთვის. სხვის უბედურებაზე გამდიდრება არ გამოვა.“-აცხადებს კობეშავიძე.
ნათია ლომიძე