მედიკამენტებზე მაღალი ფასის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ სამინისტროს 10–წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გაკეთებული განცხადების კომენტარისგან ფარმაცევტული კომპანიები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
„თუ იქნება ჩვენი მხრიდან რამე სახის კომენტარი, ამას ოფიციალურად გავაკეთებთ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“, - უთხრეს „კომერსანტს“ ჯიპისის სააფთიაქო ქსელში.
„არ ვართ საქმის კურსში, გავარკვევთ საკითხს, ამ ეტაპზე კი თავს შევიკავებთ“, - განმარტავენ „ავერსში“.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ მედიკამენტების მაღალი ფასების წინააღმდეგ “მტკივნეული ნაბიჯების“ გადადგმას აპირებს. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა სახის თამამი ღონისძიებების მიღებას გეგმავს სამინისტრო სექტორში.
მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლებად იქცნენ.
“შეიძლება უფრო მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ეს მტკივნეული შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ერთეულისთვის იყოს, მაგრამ ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში, რომელსაც მე აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება მხარს დამიჭერს , ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა, არამედ ეს არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, იმისათვის, რომ აღდგეს სამართლიანობა და ადამიანს, რომელსაც წამალი სჭირდება, რომლის ღირებულებასაც სამინისტრო და სახელმწიფო ფარავს, საკმაოდ დიდია ამ მიმართულებით ბიუჯეტი, ერთხელ და სამუდამოდ, ერთი წლით მაინც მოხდეს ფასის შეთანხმება და ყოველთვიური ვაჭრობა არ გაიმართოს ფარმაცევტულ სექტორსა და სამინისტროს შორის, რითაც შემდეგ ისინი ქმნიან გარკვეულ დეფიციტებს, ჩვენ კი, ყოველთვიურ რეჟიმში გვიწევს ახსნა განმარტებების მიცემა საზოგადოებისთვის, გარკვეულწილად თავის მართლებაც. ამ მიმართულებით თავი სამართლებელი ნამდვილად არ გვაქვს, უბრალოდ მნიშვნელოვანია გადაიდგას მეტად უფრო თამამი ნაბიჯები და ეს ნაბიჯებიც არ არის დამანგრეველი, ვინაიდან მთელი ევროპის ბაზარი მსგავსად არის რეგულირებული, გამჭვირვალობა და ხარისხზე კონტროლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.