კორონავირუსის გავრცელების ფონზე სამედიცინო ნიღბებზე მომატებული მოთხოვნის გამო კომპანია Facebook-მა სოციალურ ქსელში მათი რეკლამა აკრძალა. ამის შესახებ კომპანიის პროდუქციის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელი, რობ ლეთერნი წერს.
„სამედიცინო ნიღბების რეკლამა ავკრძალეთ. ყურადღებით ვაკვირდებით ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში კიდევ შევცვლით სოციალური ქსელის წესებს, თუ დავინახავთ, რომ ადამიანები შექმნილი სიტუაციით ბოროტად სარგებლობას ცდილობენ“, - განაცხადა ლეთერნმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 102 ათასს გადააჭარბა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge