პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს:
„სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი ერთი
4 წელიწადში შეიქმნება სამასი ათასამდე სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით:
95.000 სამუშაო ადგილი 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
30.000 სამუშაო ადგილი სამ IT ქალაქში;
90.000 სამუშაო ადგილი საქართველოს აგრარულ სექტორში საქართველოს მასშტაბით.
21.000 სამუშაო ადგილი 3000-მდე ახალ პატარა ზომის სასტუმროში;
15.000 დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში;
40.000 აპარტ-ჰოტელის ინდუსტრიაში;
სტრატეგია არმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი ორი:
2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება, საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ამ ქვეყანაში საბანკო მონოპოლია.
მოიგებს მცირე და საშუალო ბიზნესი და არამხოლოდ ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი მონოპოლიური საბანკო სექტორი;
სწორედ ეს ანტი-მონოპოლიური საბანკო კანონმდებლობა იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში წარადგენს.
სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი სამი:
ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36 – 40%-იანი სესხის პროცენტი ჩამოეწერება.
ჩვენი გამარჯვებისთანავე. „ლიბერთი ბანკი“ აღარ იქნება მონოპოლისტი სასესხო, საპენსიო და სხვა სოციალური დახმარების გაცემაში.
სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი ოთხი:
2021 წლიდან საქართველოში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30%-ით. ამის პირობას გაძლევთ მე. აღარ იქნება არც ერთი მონოპოლისტური, ფარმაცევტული თუ სამედიცინო კომპანია, რომელიც გაჭირვებული ადამიანების ძარცვის ხარჯზე გამდიდრდება.
ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც წამლის ფასწარმოქმნა იქნება გამჭირვალე, გადავიყვანთ ევროპულ სტანდარტზე და აღარ ექნებათ 300, 400 და 700%-იანი მოგებები ცალკეულ მედიკამენტებზე;
წამალი და ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის!
სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი ხუთი
2021 წლის 1 იანვრიდან ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან . ჩვენ გვჭირდება ძლიერი და მდგრადი მცირე და საშუალო ბიზნესი იმისათვის, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები!“