პარლამენტში , ე.წ „ საპოლიციო გამოსახლების “ წესის ალტერნატიული მექანიზმის შექმნის ინიციატივა 2018 წლის ბოლომდე შევა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნეს ასოციაციის იურიდიულ ანალიტიკოსმა ნიკა ნანუაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამას ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვის მიმართ ლეგიტიმური ინტერესი მოითხოვს.
ნანუაშვილის თქმით, ალტერნატიულ ვარიანტზე ბიზნესასოციაცია მუშაობს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონდმებლო ორგანოსთან და ეს საკითხი, აღსრულების ახალი კოდექსის ფარგლებში დარეგულირდება.
„მთავრობის ინიციატივით, აღსრულების ახალი კოდექსი პარლამენეტში სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შევა და მასში აისახება ბიზნეს ასოციაციის ინიციატივაც, რომლითაც დარეგულირდება საპოლიციო გამოსახლების ალტერნატირული მექანიზმი. კერძოდ, აუქციონის მეშვეობით გაყიდული ქონებიდან გამოსახლება სასამართლოს გარეშე იქნება შესაძლებელი. ეს არის ლოგიკური და ეს მოქმედებს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში“-განმარტავს ნანუაშვილი.
მისივე განცხადებით, ეს საკითხი საჭიროებს გადაწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ქვეყანა იპოთეკური სესხების არსებობაზე უარს ამბობს.
შეგახენებთ, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მერვე მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ადმინისტრაციული მექანიზმები - საპოლიციო და სააღსრულებო, გაუქმდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის 11 ივლისს შეიტანეს. თუმცა, მათ საკონსტიტუციო სასამართლომ საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის განხილვაზე უარი უთხრა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სადავო ნორმით განხორციელებულ ცვლილებამდე, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებდა უძრავ ქონებაზე არამართლზომიერი მფლობელობის აღკვეთის შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
ავტორი: სოფო ქსოვრელი