ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 057 473 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 218 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.
,,ეს ობიექტი უნდა მოემსახუროს იმ 40 ახალ ავტობუსს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდა შეიძინა ჩვენი ქალაქისთვის. თქვენ იცით, რომ პროექტი იბიარდის დაფინანსებით განხორციელდა და მას გარკვეული ვალდებულებები ახლდა თან. ერთ-ერთი ვალდებულება, სწორედ ინფრასტრუქტურულად გამართული ავტოსადგომის მოწყობა იყო და ამ ვალდებულებას, რუსთავი ასრულებს. ახალ ავტობუსებს, რომელთა შემოყვანაც ქალქში დეკემბრიდან დაიწყება, რუსთავი ინფრასტრუქტურულად გამართული ახალი ავტოსადგომით დახვდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.
პროექტის ფარგლებში, რუსთავის ახალ ავტოსადგომზე მოწყობილია წყალარინების სისტემა, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგებულია ბეტონის საფარი, მოწყობილია გარეგანათება, ავტოსამრეცხაო, ადმინისტრაციული შენობა, დაცვის ჯიხური და ე.წ. ბოქსები. ახალი ავტობუსები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეისყიდა. 6 ქალაქისთვის შეძენილი 175 ავტობუსიდან, 40 ერთეული, რუსთავს დეკემბერ-იანვარში უნდა გადაეცეს.
imedinews.ge