დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პოლონეთის საკითხის განხილვას. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო და პასე-ს ზამთრის სესიის მთავარ სადავო თემას წარმოადგენდა. საქმე ისაა, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ძმები კაჩინსკების მიერ დაფუძნებული კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის პარტია უდგას სათავეში, უკვე მრავალი წელია ევროპელი ლიბერალების კრიტიკის ობიექტია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა რა მოხსენება პოლონეთში არსებულ სიტუაციაზე, ოფიციალური ვარშავისთვის ძალიან უსიამოვნო, და შეიძლება ითქვას - დამამცირებელი, გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მონიტორინგის პროცედურა დაიწყო, რასაც დამწყები დემოკრატიის ანდაც არადემოკრატიული წევრების მიამრთ აკეთებს-ხოლმე. პრინციპში, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მონიტორინგი დაუწესეს.
პასე-ს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მიმართ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მონიტორინგის პროცედურის დაწყება „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის ფუნქციონირების კუთხით, რადგან „ბოლოდრიონდელმა რეფორმებმა მძიმედ დააზიანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა.
მონიტორინგი გულისხმობს პასე-ს მომხსენებლების რეგულარულ ვიზიტებს ქვეყანაში და მიმდინარე პროცესების პერიოდულ შეფასებას იმ კუთხით, რამდენად ითვალისწინებს ესა თუ ის სახელმწიფო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
ამჟამად მონიტორინგის ქვეშ, პოლონეთის გარდა, კიდევ ათი ქვეყანაა - საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სერბეთი.
resonancedaily.com