“ევროპულმა საქართველომ” ვერ შეიძინა დამოუკიდებელი სახე, ვერც “ნაცმოძრაობას” გაემიჯნა, ვერც ფანჩატურის საძმოს და საკუთარი უმარშრუტობის შესანიღბად ცდილობენ ახალი თემის შემოტანას საინფორმაციო სივრცეში”,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერის გიგა ბოკერია განცხადებას, რომლის თანახმადაც “ახლა პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია”.
რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრების გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის შესახებ, ვოლსკის თქმით, ეს სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯია.
“ახლად შექმნილ პარტიასაც დავაკვირდეთ, “ევროპულის” მორგება კი იციან სათაურში, მაგრამ ვნახოთ რამდენად დაეფუძნება მათი საქმიანობა საუკეთესო ევროპულ მაგალითებს. ისე ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგეს და დღეისათვის პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, არამედ უმთავრესად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. საბოტაჟის რეჟიმი უპირისპირდება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების სასიცოცხლო ამოცანას”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ახლა პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია”. ბოკერიას თქმითვე, ისინი ქართულ პოლიტიკაში არანაირ ადგილს არ დაიკავებენ.
ipn.ge