ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) და HR პროფესიონალთა ასოციაციამ - (HRPA) კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ბიზნესისთვის შექმნილი კრიზისული მდგომარებიდან გამომდინარე ასოციაციის წევრების დახმარების, ბიზნესის უწყვეტობის ხელშეწყობის და შექმნილი გამოწვევების ეფექტიანი გადაწყვეტის გზების მოძიების მიზნით ერთობლივი პროგრამა შეიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ მიაწოდა.
პროგრამის ფარგლებში ასოციაციები წევრებს დისტანციური ფორმატის სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო სერვისებსა და პროდუქტებს შესთავაზებენ.
დღეს კომპანიებს ბიზნეს უწყვეტობის შესანარჩუნებლად უწევთ მუშაობის სტილის ცვლილება შრომით ურთიერთობებში (დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, სამუშაო საათების შეცვლა, შრომითი ურთიერთობების შეჩერება და სხვა).
ვინაიდან ორივე ასოციაცია აცნობიერებს, რომ კომპანიების წარმატება სწორედ ადამიანურ კაპიტალზეა დამოკიდებული, ისინი შეეცდებიან ამ პროცესში საუკეთესო და ინოვაციური გამოსავალი იპოვონ.
ამ თემებთან დაკავშირებით ასოციაციების წევრ კომპანიებს კონსულტაციები მიეწოდებათ HR პროფესიონალებისა და იურისტების მიერ, ჩატარდება ვებინარები, სადაც HR პროფესიონალები, იურისტები და სხვა დაინტერესებული პირები ერთმანეთს გაუზიარებენ არსებულ პრაქტიკას, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გამოსავლის მოსაძებნად.
„შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია არსებული გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური, ეფექტიანი გზებისა და ალტერნატივების მოძიება უმოკლეს ვადებში, რადგან დღეს, როგორც არასდროს HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალებს, კომპანიის მენეჯმენტს სჭირდება ძალიან თანმიმდევრული ბიზნეს უწყვეტობის გეგმები და ძალიან კონკრეტული გადაწყვეტები არსებულ კრიზისებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად. მთლიანი ჩვენი რესურსები და ძალისხმევა სწორედ ამ ტიპის დახმარების მიმართულებით იქნება მობილიზებული“ - განაცხადა HR პროფესიონალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სერგო ნოზაძემ.
ეს არის ევროპული ბიზნეს ასოციაციისა (EBA) და HR პროფესიონალთა ასოციაციის - HRPA ძალიან მჭიდრო თანამშრომლების დასაწყისი.
პირველი საქმიანი შეხვედრა და დისკუსია, პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტის გზებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვირტუალური ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით მომავალ კვირას გაიმართება!