„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში გიგა ბოკერია იქნება. ამის შესახებ ბოკერიამ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„ჩემთვის, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, რაც პოლიტიკაში ვარ, ძნელია, რამე სიახლე შევთავაზო ჩემი სახით ხალხს. პირიქით, სიახლე იქნება, რასაც ბევრი ისურვებდა, რომ პოლიტიკიდან წავიდე, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ ახლა წასვლის დრო არ არის, რაღაც სიახლე უნდა მომეფიქრებინა. ამიტომ გადავწყვიტე, პირველად, ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში-ხობსა და სენაკში. არამარტო იმიტომ, რომ ფოთში დედაჩემია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი. ამიტომ, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს, ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ თავის ბედნიერებას. თქვენთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.