2020 წლის 11 თებერვალს სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებით გამართა საჯარო-კერძო დიალოგი „ევროპის ბაზარზე ექსპორტისას არსებული სირთულეები ქართული კომპანიებისთვის“.
საჯარო-კერძო დიალოგში 100-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ დარგის ექსპერტები, EBA-ს წევრი კომპანიები, ბიზნეს სექტორის, ევროკავშირის დელეგაციის, დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვის, ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ევროპის ბაზარზე ექსპორტთან დაკავშირებით რელევანტური საკითხები, როგორიცაა პროდუქტის ხარისხი, მინიმალური უსაფრთხოების მოთხოვნები, მოცულობა, ლოგისტიკა, მარკეტინგი, სასაქონლო ნიშნები, კვალიფიციური კადრები, საბაჟო პროცედურები და სხვა. შეხვედრის განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა, რომ DCFTA-ით მეტი სარგებლის მისაღებად უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი და სწორი თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება მთავრობასა და კერძო სექტორს შორის.
შეხვედრის მხარდამჭერი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტირების მხარდაჭერის პროგრამა უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში (IMPACT).