ბოლო რამდენიმე დღეა, ევროპის ტერიტორიის დიდი ნაწილზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. არაერთ ქვეყანაში დიდთოვლობაცაა. უამინდობამ, გარდა იმისა, რომ გადაადგილების პრობლემა შექმნა, მრავალი ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
პოლონეთის ზოგ რეგიონში ტემპერატურა -28°C-მდეც კი დაეცა, რაც ბოლო 11 წლის რეკორდული ნიშნულია. ვარშავის ორ სადგურზე ყინვამ ლიანდაგები დააზიანა, რის შედეგადაც სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა.
ჩეხეთში ტემპერატურა -20°C-ზე დაბლა დაეცა. ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე დაბალი ნიშნული, -27°C პრაღიდან 160 კილომეტრის მოშორებით, პოლონეთის საზღვართან დაფიქსირდა.
ჩრდილოეთ ნორვეგიაში ტემპერატურის -30°C-მდე კლებას ვარაუდობენ. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ Twitter-ზე განცხადებაც კი გამოაქვეყნა და მოსახლეობას მოუწოდა, „ჩრდილოეთით მცხოვრებ მეგობრებს თბილი ტანსაცმელი გაუგზავნონ“.
რეკორდულად დაეცა ტემპერატურა საფრანგეთშიც. Météo France-ს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვირაში, ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 3.09°C იყო, რაც, იანვრის საშუალო ნიშნულს დაახლოებით 2°C-ით ჩამორჩება.
imedinews.ge