„საქართველოს გარშემო ახალი რეალობა იქმნება და ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ჩვენი ქვეყნის უკეთ წარმოჩენა აზიასა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში. რუსეთი ჩაკეტილია, ირანი სანქცირებულია, ოკიანით რაც გადის ცნობილია, მაგრამ სახმელეთო გზით გასავლელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩაკეტილია, ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა ახლა საქართველოა“, — ამის შესახებ ისტორიკოსმა, ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა ემილ ავდალიანმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად განაცხადა.
ემილ ავდალიანის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიის ფონზე, საქართველოს პოზიციის გაძლიერება ევრაზიაში სავაჭრო გზებზე მიმდინარე ცვლილებების სწორად გამოყენებით უნდა მოხდეს.
„შუა დერეფნისთვის“, რომელიც თურქეთიდან ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე გადის, დღეს, საკმაოდ სახარბიელო გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ეს კი საქართველოს არამარტო თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ხდის უფრო მეტად მნიშვნელოვან მოთამაშედ, არამედ კოლექტიური დასავლეთისთვის და ჩინეთისთვის. ეს შესაძლებლობა პირდაპირ იხსნება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი აუცილებლად გამოვა, თუმცა მზაობა აუცილებელია. ვხედავთ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მზაობას, ასევე აზერბაიჯანიდან ახალ რელობასთან უცებ მორგებას, რომელიც შესაძლოა საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდეს.
რუსეთზე გამავალი გზების ჩაკეტვის შემდეგ, ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე მისასვლელად საქართველო ერთადერთ სახმელეთო დერეფანად გარდაიქმნა. საქართველოს გარეშე წვდომა ცენტრალური აზიის ნაწარმსა და ბუნებრივ რესურსებზე ევროპას მნიშვნელოვნად შეუმცირდება, ამიტომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სირთულეების მიუხედავად, გეოპოლიტიკური პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტენდენცია დროებითი ხასიათის იქნება. მეტიც, საქართველოს გარეშე ევროკავშირს წვდომა აზერბაიჯანის ბუნებრივ რესურსებზეც ალბათ შეუმცირდება. საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მხოლოდ ტრანზიტზე არ უნდა ვიფიქროთ, ეს ერთ-ერთი ხერხი უნდა იყოს რომ ჩვენი გავლენა გავზარდოთ. საჭიროა კიდევ სხვა ნაბიჯები, მათ შორის ქვეყნის შიგნით ეკონომიკის სხვაგვარად გადაწყობას, ინდუსტრიალიზმის მიმართულებით“, — აღნიშნა ემილ ავდალიანმა.